მე ვარ მწყემსი კეთილი და მწყემსმან კეთილმან სული თვისი დასდვის ცხოვართათვის

ალმანახი

გრდემლი

ანტიეკუმენისტური და ანტიმოდერნისტული ელექტრონული გამოცემა

საიტის მენიუ


სექციის კატეგორიები



ИВЕРИЯ С ОРУЖИЕМ ПРАВДЫ В ПРАВОЙ И ЛЕВОЙ РУКЕ_

Владимирова Елена, Польша (редактор сайта «Защитник Православия»)


გადმოწერა

 

» შესვლის ფორმა

სულ ონლაინში: 1
სტუმარი: 1
მომხმარებელი: 0
mail.


contact us :

zaqaria8@mail.ru

მთავარი » 2010 » თებერვალი » 12 » მღ.მოწამე კვიპრიანე კართაგენელი ეკლესიის ერთობის შესახებ
21:33
მღ.მოწამე კვიპრიანე კართაგენელი ეკლესიის ერთობის შესახებ

 როდესაც უფალი თავად შეგვაგონებს: თქუენ ხართ მარილნი ქუეყანისანი (მთ. 5,13); როდესაც მცნებად გვიდებს, ვიყოთ უბოროტონი და უმანკონი და ამასთან მეცნიერნი (მთ. 10,16), ყველაზე ჯეროვანი ხომ არ იქნება, საყვარელნო ძმანო, გავითვალისწინოთ ვერაგი მტრის ხრიკები, გულითადად მოვინდომოთ და თვალგაფაციცებულებმა წინასწარ ამოვიცნოთ ისინი, გავექცეთ მათ, რათა ჩვენ, ვინც შევიმოსეთ ქრისტე _ სიბრძნე მამა ღმერთისა, არ აღმოვჩნდეთ იმდენად უგუნურნი, რომ არ გავუფრთხილდეთ საკუთარ ცხონებას?!

ამრიგად, არ უნდა გვეშინოდეს ისეთი დევნისა, როცა თავს დაუფარავად გვესხმიან და ლამობენ ღვთის მონათა შემუსვრასა და დამხობას _ სადაც საფრთხე აშკარაა, იქ გაფრთხილება იოლია; როგორც კი მომხდური თავის ზრახვას გამოააშკარავებს სულიც წინასწარ განეწყობა მასთან საბრძოლველად.

  გაცილებით მეტად უნდა გვეშინოდეს და ვუფრთხოდეთ მტერს, რომელიც ფარულად მოიპარება, მშვიდობისმყოფელად მოგვაჩვენებს თავს და გვაცდუნებს, იდუმალი გზებით შეუმჩნევლად შემოსრიალდება _ ვითარცა მცურავი ანუ გველი1 (1. შერპენს _ გველი ანუ მცურავი, ზმნიდან სერპო _ ხოხვა, ცურვა).

    მარად ასეთია მისი ბოროტება _ ფარული, ცბიერი თვალთმაქცობით აცდუნებს ადამიანებს! ასე შეაცდინა მან სამყაროს არსებობის დასაწყისში უმანკო სულები, რომლებმაც გაუფრთხილებლად და იოლად დაუჯერეს მის ალერსიან, პირფერობით სავსე სიტყვებს! თავად უფლის გამოცდაც კი სცადა _ ფარულად მიადგა მას, რათა მოულოდნელად დასხმოდა თავს და ეცდუნებინა.მაგრამ დროულად მიუხვდნენ და უკუაგდეს. ეს იმიტომ, რომ ამოიცნეს და ამხილეს;

    ეს ჩვენთვის მაგალითია _ უნდა ვერიდოთ ძველი ადამიანის გავლილ გზებს და განუხრელად შევუდგეთ ქრისტე _ ცხოვრებისმომცემელს, რათა დაუდევრობით კვლავ კი არ გავებათ სიკვდილის ბადეში, არამედ გავითვალისწინოთ საფრთხე და ასე მივაღწიოთ უკვდავებას... [ამას rogor შევძლებთ], თუ არ დავიცავთ ქრისტეს ბრძანებებს, რომელთა ძალითაც შეიმუსრება და იძლევა სიკვდილი? მაცხოვარი ჩვენს განსასწავლად ამბობს: უკუეთუ გნებავს ცხორებასა შესლვაÁ, დაიმარხენ მცნებანი (მთ. 19,17); და კვლავ: უკუეთუ ჰყოთ, რომელსა ესე გამცნებ თქუენ, არღარა გეტყÂ თქუენ მონად (ინ. 15,14-15).

    ასეთ ადამიანებს უფალი უწოდებს ახოვანთ და მედგართ, პიტალო ქვაზე დაფუძნებულთ, ამქვეყნიური ყველა ქარიშხლისა და მღელვარებისგან შეუძვრელთ, დაურღვეველი გალავნით შემოზღუდულთ: ყოველმან, რომელმან ისმინოს სიტყუანი ჩემნი და ყვნეს იგინი, ვამსგავსო იგი კაცსა გონიერსა, რომელმან აღაშენა სახლი თÂსი კლდესა ზედა; და გარდამოხდა წვიმაÁ, მოვიდეს მდინარენი, ქროდეს ქარნი და ეკუთნეს სახლსა მას, და არა დაეცა, რამეთუ დაფუძნებული იყო კლდესა ზედა (მთ. 7,24-25).                 ამრიგად, ჩვენ გვმართებს, დავიმარხოთ მისი სიტყვები; შევითვისოთ და ვქმნათ ის, რასაც იგი გვასწავლიდა და იქმოდა. მორწმუნე როგორ უნდა უწოდოს  საკუთარ თავს მან, ვინც ქრისტეს მცნებებს არ ასრულებს?! ან ვით ჰპოვებს რწმენისთვის ჯილდოს ის, ვისაც არ სურს რწმენისა და მცნებების დაცვა?! მას წარიტაცებს ცდუნება გარემოებათა მიხედვით, დაიწყებს ორჭოფობას, დაემსგავსება ფერფლს, რომელსაც ქარი აქეთ-იქით ; ფანტავს  თუმცა იგი შეძლებს გადარჩენას, თუ ჭეშმარიტების მაცხონებელ გზას დაადგება.                                                                                      საყვარელნო ძმანო, გვმართებს _ ვუფრთხოდეთ არა ოდენ აშკარა და თვალსაჩინო სიცრუეს, არამედ ცბიერებითა და მზაკვრობით ოსტატურად შენიღბულსაც.

   მას შემდგომ, ოდეს მტერი გამოაშკარავებული და ძლეულ იქმნა ქრისტეს მოსვლით, რამაც ნათელი მოჰფინა წარმართებს და აღმოუბრწყინა ბედნიერების მომტანი მაცხონებელი მნათობი ადამიანებს, მათ უფრო სიღრმისეულად აღიქვეს სულიერი მადლი, ბრმებს აეხილათ თვალები და ღვთისკენ მიმართეს მზერა, დავრდომილნი სამუდამოდ განიკურნენ, ხეიბრებმა ეკლესიას მიაშურეს, მუნჯებმა ხმამაღლა იწყეს ლოცვა. 

      მას შემდგომ, რაც მტერმა იხილა მიტოვებული კერპები, თავისი დაცარიელებული სახლები და ბომონები, რაც მრავალი ადამიანის სარწმუნოებაზე მოქცევამ განაპირობა, მაცდურმა მოიფიქრა ახალი ტყუილი _ თავად ქრისტიანის სახელით შეეცდინა გაუფრთხილებელნი _ რა შეიძლებოდა ყოფილიყო ამაზე ოსტატური ცბიერება და მზაკვრობა?! სარწმუნოების დასამხობად, ჭეშმარიტების დასამახინჯებლად და ერთიანობის დასარღვევად მან გამოიგონა ერესები და განხეთქილებანი.

         თუ ვერ მოახერხებდა ხედვადაშრეტილი კაცის ძველ გზაზე დატოვებას, მას _ ახალ გზაზე შემდგარს _ მოატყუებდა და აცდუნებდა. და აი, უკვე თვით ეკლესიიდან იტაცებს იგი ადამიანებს: როდესაც ისინი თითქმის უახლოვდებიან ნათელს და თავს აღწევენ ამა სოფლის წყვდიადს, იგი ხელახლა ახვევს მათთვის შეუცნობელ ბნელეთში და ისინიც, მართალია, საკუთარ თავს ქრისტიანებს უწოდებენ, აღარ მიჰყვებიან სახარებას, არ იცავენ რჯულს, აქეთ-იქით აწყდებიან უკუნეთში და თავი ნათელში მავალნი ჰგონიათ.

      ასეთია თვალთმაქცური ხრიკები მტრისა, რომელიც, მოციქულის სიტყვებით, გარდაისახება რა ანგელოსად ნათლისა (2 კორ. 11,14), თავის მსახურებს სიმართლის მსახურებად წარმოაჩენს; ამასობაში ისინი დღეს ღამედ აცხადებენ, წარწყმედას _ ცხონებად, სასოების საფარველქვეშ სასოწარკვეთილებას მალავენ, სიმუხთლეს რწმენად ასაღებენ, ანტიქრისტეს ქრისტეს უწოდებენ, სიცრუეს დამაჯერებლობას სძენენ, ოსტატური ცბიერებით ჭეშმარიტებას ანადგურებენ... ეს იმიტომ ხდება, საყვარელნო ძმანო, რომ ისინი არ მიმართავენ ჭეშმარიტების საწყისს, არ ეძიებენ მის სათავეს, არ იმარხავენ ზეციური მოძღვრის სწავლებას.

      ამის გასაგებად არ არის საჭირო ვრცელი მსჯელობანი და მტკიცებულებანი: საკმარისია მხოლოდ საქმეში ჩახედვა და მისი გამოძიება, ამაში ჭეშმარიტების მოკლე გადმოცემაც იოლად დაგვარწმუნებს. უფალი ეუბნება პეტრეს: და მე გეტყÂ შენ, რამეთუ შენ ხარ კლდე, და ამას კლდესა ზედა აღვაშენო ეკლესიაÁ ჩემი, და ბჭენი ჯოჯოხეთისანი ვერ ერეოდიან მას. და მიგცნე შენ კლიტენი სასუფეველისა ცათაÁსანი; და რომელი შეჰკრა ქუეყანასა ზედა, კრულ იყოს იგი ცათა შინა; და რომელი განჰÃსნა ქუეყანასა ზედა, Ãსნილ იყოს იგი ცათა შინა (მთ. 16,18-19); და თავისი აღდგომის შემდგომ კვლავ უცხადებს: დამწყსენ ცხოვარნი ჩემნი (ინ. 21,16). ამრიგად, მაცხოვარმა ერთ [საძირკველზე]დააფუზნა კლესია.

      მართალია, თავისი აღდგომის შემდგომ მან ყველა მოციქულს თანაბარი უფლება მიანიჭა და უთხრა: ვითარცა მომავლინა მე მამამან, მეცა წარგავლინებ თქუენ. და ვითარცა ესე თქუა, შეჰბერა მათ და ჰრქუა: მიიღეთ სული წმიდაÁ. უკუეთუ ვიეთნიმე მიუტევნეთ ცოდვანი, მიეტევნენ მათ; და უკუეთუ ვიეთნიმე შეიპყრნეთ, შეპყრობილ იყვნენ (ინ. 20,21-33), მაგრამ მაინც ინება, ეჩვენებინა, რომ ეკლესია ერთია და ერთით დაიწყო ეს ერთობა. რა თქმა უნდა, დანარჩენ მოციქულებსაც პეტრეს დარი ღირსება და უფლება ჰქონდათ, მაგრამ დასაწყისში მითითებულია ერთი [მოციქული], იმის ნათელსაყოფად, რომ ეკლესია ერთია. ამასვე აცხადებს სულიწმიდა, უფლის პირით: ერთ არს ტრედი ჩემი, სრული ჩემი; ერთ არს დედისა თÂსისა, რჩეულ არს მშობლისა თÂსისა (ქებათა qeba 6,8). მას, ვინც ეკლესიის ამ ერთიანობას არ იცავს, როგორ შეუძლია ეგონოს, რომ სარწმუნოებას იმარხავს?! ვინც წინ აღუდგება და უპირისპირდება ეკლესიას, რა იმედი უნდა ჰქონდეს მის წიაღში ყოფნისა?! როდესაც პავლე მოციქული ამავე საგანზე მსჯელობისას ეხება ერთობის საიდუმლოს, ამბობს: ერთ Ãორც და ერთ სულ, ვითარცა იგი იჩინენით ერთითა მით სასოებითა ჩინებითა თქუენისაÁთა; ერთ არს უფალი, ერთ სარწმუნოება, ერთ ნათლისღება, ერთ არს ღმერთი (ეფ. 4,4-6).

      ზუსტად ეს ერთიანობა უნდა დავიცვათ მტკიცედ და შევინარჩუნოთ; ეს განსაკუთრებით ეხებათ ეპისკოპოსებს _ პირველმჯდომარეთ ეკლესიაში _ რათა ცხადყონ, რომ თავად ეპისკოპოსობაც ერთია და განუყოფელი. დაე, ნურავინ მოატყუებს ძმობას! დაე, ნურავინ დაემუქრება სარწმუნოების ჭეშმარიტებას მუხანათური ღალატით! ეპისკოპოსობა ერთია და ეპისკოპოსთაგან თითოეული სრულად მონაწილეობს მასში.

      ასევე ერთია ეკლესიაც, თუმცა წევრთა შემომატებით გავრცობილი იგი მრავალ ნაწილად იყოფა. მრავალსხივოსან მზესაც ხომ ერთი სინათლე აქვს; ხეც დატოტვილია, მაგრამ მყარად ფესვგადგმული ტანი ერთი აქვს; ბევრი წყარო გამოედინება ერთი სათავიდან და უხვი წყალი მრავალ ნაკადად იყოფა, მაგრამ თავწყარო მათ მაინც ერთი აქვთ.

      მოაშორე სხივები მზეს _ ამ წყაროსთან ერთიანობას მოწყვეტილი სინათლე ვერ იარსებებს; გადატეხე ხის ტოტი _ ის ვეღარ გაიზრდება; გადაუკეტე ნაკადულს სათავე _ იგი დაშრება. უფლის ნათლით გაცისკროვნებული ეკლესიაც ასევე მთელ ქვეყანას ჰფენს თავის სხივებს, მაგრამ ყველგან ამგვარად განფენილი ნათელი ერთია და სხეულის ერთიანობა განუყოფელი რჩება. მთელ დედამიწას ფარავს მისი ნაყოფით დახუნძლული ტოტები; მისი წყალუხვი მდინარეები შორს მიედინება...              მაგრამ ერთია თავი, ერთია დედა _ გამოღებული ნაყოფის სიუხვით გამდიდრებული. ჩვენ მისგან ვიბადებით, მისი რძით ვიკვებებით, მისი სული გვასულდგმულებს. ქრისტეს სასძლოს დამახინჯება შეუძლებელია _ იგი წმინდაა და უხრწნელი, აქვს ერთი სახლი და უბიწოდ ინახავს ერთი სარეცელის სიწმინდეს. ეკლესია ჩვენ _ თავისგანვე შობილთ _ გვამზადებს ღმერთისა და სასუფევლისთვის. ეკლესიისგან ყოველი განდგომილი ემსგავსება მემრუშე დედაკაცს, ეკლესიის აღთქმები მისთვის უცხო ხდება; ვინც ქრისტეს ეკლესიას მიატოვებს, დაკარგავს ქრისტეს მიერ მისთვის წინასწარ განკუთვნილ ჯილდოს. იგი ეკლესიისთვის ხდება უცხო, უხმარი, მტერი. ვისთვისაც ეკლესია დედა არ არის, მისთვის მამა ვერ იქნება ღმერთი.

    ეკლესიას განშორებული კაცი მხოლოდ მაშინ შეძლებდა ცხონებას, ნოეს კიდობნის გარეთ დარჩენილთაგან ვინმე რომ გადარჩენილიყო. უფალი ასე შეგვაგონებს: რომელი არა არს ჩემ თანა, იგი მტერი ჩემი არს; და რომელი არა შეკრებს ჩემ თანა, იგი განაბნევს~ (მთ. 12,30). ქრისტესმიერი მშვიდობისა და თანხმობის დამარღვეველი ქრისტეს წინააღმდეგ მოქმედებს. ვინც სხვაგან, ეკლესიის გარეთ, შეკრებს, იგი განაბნევს ქრისტეს ეკლესიას.        უფალი ამბობს: მე და მამაÁ ჩემი ერთ ვართ (ინ. 10,30). მამისა, ძისა და სულიწმიდის შესახებ აგრეთვე წერია: ესე სამნი ერთ არიან (1 ინ. 5,7). ვის შეუძლია იფიქროს, რომ ღვთაებრივ უცვალებლობაზე დაფუძნებული და ზეციურ საიდუმლოებთან შეერთებული ეს ერთობა ეკლესიისა დაირღვევა და დანაწევრდება ურთიერთსაპირისპირო სურვილების შეუთანხმებლობის გამო?! არა, ვინც ამ ერთობას არ იცავს, ის არ მისდევს საღვთო რჯულს, არ იმარხავს მამისა და ძის მიმართ რწმენას, არ ადგას გადარჩენის ჭეშმარიტ გზას!.. ერთობის ეს საიდუმლო, განუყოფელი კავშირი ასახულია                       სახარებისეულ თხრობაში უფალ იესო ქრისტეს კვართის შესახებ. კვართი არ გაუნაწილებიათ და არ დაუნაწევრებიათ, იგი _ დაუზიანებელი და განუყოფელი _ მთლიანად ერგო წილად ერთ კაცს. ამასთან დაკავშირებით საღვთო წერილი ამბობს: ხოლო კუართი იგი, რამეთუ იყო უკერველ, ზეით გამოქსოვილ ყოვლად, თქუეს უკუე ურთიერთას: არა განვხიოთ ესე, არამედ წილ-ვიგდოთ ამას ზედა, ვისაცა იყოს (ინ. 19,23-24). ამ კვართის ერთიანობა იყო ზეციური _ მამა ღმერთისგან მომდინარე, ამიტომაც მას ვერ დაგლეჯდნენ მისი მფლობელნი _ კვართმა სრულად, ერთხელ და სამუდამოდ შეინარჩუნა სიმტკიცე და განუყოფელობა. ამიტომაც ვერ ექნება მაცხოვრის სამოსი ქრისტეს ეკლესიის დამარღვეველს. როდესაც სოლომონის სიკვდილის შემდგომ მისი სამეფო და ერი უნდა გაყოფილიყო, წინასწარმეტყველი აქია ველზე შეხვდა მეფე იერობოამს, თავისი სამოსი თორმეტ ნაწილად დახია და უთხრა: მიიღე შენდა ათი ეგე ნახევი, რამეთუ ესრეთ იტყÂს უფალი...: აჰა, მე განვხეთქო მეფობა იგი ხელისაგან სოლომონისა და მიგცე შენ ათი იგი წილი; და ორი იგი წილი იყავნ მისა დავითისათÂს, მონისა ჩემისა, და იერუსალÀმისათÂს ქალაქისა... რომელ გამოვირჩიე სახლად ჩემდა (3 მეფ. 11,31-32,36).                       ამრიგად, როდესაც ისრაელი თორმეტ ტომად უნდა გაყოფილიყო, აქია წინასწარმეტყველმა თავისი სამოსი დახია. მაგრამ ქრისტეს ერი არ უნდა დანაწევრდეს, ამიტომაც მისმა მფლობელებმა არ დახიეს ქრისტეს მკვიდრად ნაქსოვი კვართი, რომლის მთლიანობა მიანიშნებს ყველა ქრისტეშემოსილის განუყოფელ თანხმობას.

        ამრიგად, უფალმა თავისი სამოსის დაურღვევლობაზე საიდუმლო მინიშნებით ეკლესიის ერთიანობის წინასახე გვიჩვენა. ვინ არის ესოდენ ურჯულო და ორგული, ვის დარია ხელი შუღლის ვნებამ ისე, რომ გაკადნიერებულს შესაძლებლად მიაჩნია, დაარღვიოს საღვთო ერთობა _ სამოსი უფლისა _ ეკლესია ქრისტესი?! თავად უფალი შეგვახსენებს და შეგვაგონებს თავისი სახარებით: და იყვნენ ერთ სამწყსო და ერთ მწყემს (ინ. 10,16). ვინ მოიფიქრებს, რომ ერთ ადგილას შეიძლება მრავალი მწყემსის ან მრავალი სამწყსოს არსებობა? პავლე მოციქული იმავე ერთობის შესახებ გვასწავლის, გვევედრება და შეგვაგონებს: ხოლო გლოცავ თქუენ, ძმანო, სახელითა უფლისა ჩუენისა იესუ ქრისტესითა, რაÁთა მასვე იტყოდით ყოველნი, და ნუ იყოფინ თქუენ შორის წვალება, არამედ იყვენით განმტკიცებულნი მითვე გონებითა და მითვე მეცნიერებითა (1 კორ. 1,10). და სხვა ადგილას იმეორებს: თავს-იდებდით  ურთიერთარს  სიყუარულითა, ისწრაფდით დამარხვად ერთობასა მას სულისასა საკრველითა მით მშÂდობისაÁთა (ეფეს. 4,3).

    ნუთუ ფიქრობ, რომ შესაძლებელია ეკლესიიდან მოშორებულმა იცხოვრო და სხვა სამყოფელი მოიწყო? ჰრააბეს, რომელსაც ეკლესიის წინასახის შექმნა უკავშირდება, ეთქვა: მამაÁ შენი და დედაÁ შენი და ძმანი შენნი და ყოველი სახლი მამისა შენისაÁ შეჰკრიბე შენ თანა სახლსა შინა შენსა: და იყოს, ყოველი, რომელი გამოვიდეს სახლით შენით გარე, თანამდებ იყოს თავისა თÂსისა (ნავ. 2,18-19).

    გამოსვლათა წიგნში მოცემული კანონის თანახმად, პასექის საიდუმლოსთვის აუცილებელი იყო, რომ დაკლული კრავი _ წინასახე ქრისტესი _ შეეჭამათ ერთ სახლში. ღმერთი ასე ბრძანებს: სახლსა შინა ერთსა იჭამოს... არა განიღოთ Ãორცთაგანი გარე (გამოსლვ. 12,46). ხორცი ქრისტესი _ სიწმინდე უფლისა _ არ შეიძლება სახლიდან იქნეს გამოტანილი, მორწმუნეთათვის კი არ არსებობს სხვა სახლი, თვინიერ ერთი ეკლესიისა.                                                                                                     ამ ერთსულოვნების სავანეს ახსენებს ფსალმუნებში სულიწმინდა: ღმერთმან დაამკვიდრნის ერთსახენი სახლსა (ფს. 67,7). ღვთის სავანეში, ქრისტეს ეკლესიაში, მხოლოდ ერთსულოვანნი, ურთიერთშეთანხმებულნი და გულწრფელნი ცხოვრობენ და თანამყოფობენ. სულიწმიდაც ამისთვის გამოჩნდა მტრედის სახით. ამ უბრალო და უწყინარ არსებას, რომელიც არ არის ავი, არ იკბინება და ბრჭყალებით დაუნდობლად არ იკაწრება, უყვარს ადამიანთა საცხოვრისი და მეწყვილესთან ერთად მხოლოდ ერთ ბუდეს იშენებს. ისინი ბარტყებს ერთად ჩეკენ, ერთმანეთის მხარდამხარ დაფრინავენ, განუშორებლად ცხოვრობენ, ამბორით ადასტურებენ თავიანთ თანხმობას, სიმშვიდესა და ერთსულოვანებას.                    ეკლესიაშიც უნდა იგრძნობოდეს ასეთივე გულწრფელობა და სიყვარული: ძმობას ჰმართებს, მიჰბაძოს სიყვარულში მტრედების სიყვარულს, კრავებისა და ცხვრების თვინიერებასა და სიმშვიდეს. რა აღვიძებს ქრისტიანის გულში მგლის სიმხეცეს, ქოფაკის სიცოფეს, საიდან ჩნდება მასში გველის სასიკვდილო გესლი და საერთოდ სისხლსმოწყურებულ ნადირთა მძვინვარება? უნდა ვხარობდეთ, როდესაც მათი მსგავსნი შორდებიან ეკლესიას, რათა თავიანთი დაუნდობელი და მომწამლავი სახადით არ დაღუპონ ქრისტეს მტრედნი და ცხოვარნი. ვერ შეუერთდება და შეერევა ნაღველი სიტკბოებას, ბნელი ნათელს, ავდარი დარს, ომი მშვიდობას, უნაყოფობა ნაყოფიერებას, სიმშრალე წყლის ნაკადს, ქარიშხალი მყუდრო ამინდს.                                                                       ნურავინ იფიქრებს, თითქოს კეთილ ადამიანებს შეეძლოთ, ეკლესიას გამოეყონ. ქარი ვერ გაფანტავს ხორბალს, ვერც ქარიშხალი ამოთხრის ფესვმაგარ ხეს. გრიგალს მხოლოდ ბზე მიაქვს, მისი ქროლვა მარტოოდენ სუსტ ხეებს სცემს ძირს. სწორედ მათ შეაჩვენებს და შერისხავს იოანე მოციქული: ჩვენგან განვიდეს, არამედ არა იყვნეს ჩუენგანნი, რამეთუ უკუეთუმცა ჩუენგანნი, იყვნეს, და-მცა-დგრომილ იყვნეს ჩუენ თანა (1 ინ. 2,19).                                                                                                      ერესები ხშირად ჩნდებოდნენ და ჩნდებიან იმის გამო, რომ თავნება გონებამ ვერ ჰპოვა მშვიდობა საკუთარ თავში; ხოლო განხეთქილების მთესველი ორგულობა არღვევს ერთიანობას. უფალი გვინარჩუნებს თავისუფალ ნებას და უშვებს, ჭეშმარიტებაზე პაექრობაში გამოიცადოს ჩვენი გული და გონება და ნათლად გამოჩნდეს ღირსეულთა წმინდა სარწმუნოება. ამას წინასწარ გვაუწყებს სულიწმიდა მოციქულის პირით: რამეთუ წვალებანიც ყოფად არიან თქუენ შორის, რაÁთა რჩეულნი იგი თქუენ შორის გამოჩნდნენ (1 კორ. 11,19).                                                        ასე გამოიცდებიან ერთგულნი და მხილებას მიეცემიან ორგულნი. ასე გენეშორებიან ურთიერთს მართალთა და ურჯულოთა სულები ჯერ კიდევ განკითხვის დღემდე, ასე გამოირჩევა ღვარძლი იფქლისგან! განგდებულ იქნებიან ისინი, ვინც საღვთო განჩინების გარეშე, თვითნებურად, იჩემებენ უგუნური ბრბოს მეთაურობას; კანონიერი კურთხევის გარეშე აცხადებენ თავს ბელადებად; ისაკუთრებენ ეპისკოპოსის სახელს ამ წოდების ვინმესგან მიუნიჭებლად.                                                      სულიწმიდა ფსალმუნებში მათ უწოდებს მსხდომთა საჯდომელთა უსჯულოთასა (ფს. 1,1), წყლულთა და სენთა სარწმუნოებისა _ მოიხსენიებს ადამიანებად, რომლებიც იოლად დამყოლთ აცდუნებენ გველური სისინით, ოსტატურად ამახინჯებენ ჭეშმარიტებას და დამღუპველი ენით ანთხევენ სასიკვდილო შხამს; მათი სიტყვა ვრცელდება, ვითარცა სრსÂლი (2 ტიმ. 2,17), მათი საუბარი სასიკვდილო სახადივით ედება თითოეულის გულს.                                                                           უფალი მათ წინააღმდეგ ღაღადებს, მათგან იცავს და განარიდებს თავის გზაკვალარეულ ერს, როდესაც ამბობს: ნუ ისმენთ სიტყუათა წინასწარმეტყუელთასა. რომელნი გიწინასწარმეტყუელებენ თქუენ, რამეთუ გაამაოებენ თქუენ იგინი. ხილვასა გულისა მათისასა იტყÂან და არა პირისაგან უფლისა. ეტყÂან ურჩთა სიტყÂსა უფლისათა: მშÂდობა იყოს თქუენდაო და ყოველთა მავალთა ნებათაებრ მათთა ყოვლისა მავალისა, საცთურითა გულისა მამისაÁთა. ჰრქუას: არა მოვიდენ შენ ზედა ძÂრნი... არა მივავლინებდ წინაწარმეტყუელთა, და იგინი რბიოდეს, არ ვიტყოდე მათდა მიმართ და იგინი წინასწარმეტყუელებდეს. და თუმცა დგეს გუამოვნებასა ჩემსა შორის, და ისმინნეს სიტყუანი ჩემნი, ასწავებდესმცა ერსა ჩემსა და მოაქცევდეს მათ გზისაგან მათისა ბოროტისა და ბოროტთაგან სიმარჯუეთა მათთა (იერ. 23,16-17; 21-22).                                                        მათვე აღწერს და მათზე მიანიშნებს უფალი, როდესაც ამბობს: მე დამიტევეს წყაროÁ წყლისა ცხოველისაÁ, და უთხარნეს თავთა მათთა ჯურღმულნი გაÃურეტილნი, რომელნი ვერ შემძლებელ არიან დაპყრობად წყლისა (იერ. 2,13). შეუძლებელია სხვა ნათლისღება, გარდა ერთისა. ისინი [ერეტიკოსები კი ფიქრობენ, რომ მონათვლა შეუძლიათ; მათ დაუტევეს წყარო ცხოვრებისა და ხალხს ცხოველმყოფელი, მაცხონებელი წყლის მადლს ჰპირდებიან. მათგან ადამიანები, ნაცვლად განბანვისა, ბიწიერებით ივსებიან; ცოდვები კი არ წარეხოცებათ, უფრო უმძაფრდებათ.                                     ასე იბადებიან არა ღმერთის, არამედ ეშმაკის შვილები. სიცრუისგან გაჩენილნი აღთქმული ჭეშმარიტების ღირსნი ვერ გახდებიან. ორგულობით შობილნი სარწმუნოების მადლს განეშორებიან. შმაგი განხეთქილებით უფლისმიერი მშვიდობის დამარღვეველნი ჯილდოდ სიმშვიდეს ვერ მიიღებენ. დაე, ზოგიერთები ნუ მოიტყუებენ თავს უფლის ნათქვამით: სადაცა იყვნენ ორნი გინა სამნი შეკრებულ სახელისა ჩემისათÂს, მუნ ვარ მე შორის მათსა (მთ. 18,20) _ მას იმოწმებენ სახარების დამამახინჯებლები და ცრუ განმმარტებლები.                                                  ეს სიტყვები მეორე ნაწილია ნათქვამისა, რომლის დასაწყისიც მათ გამოტოვეს. ერთ ფრაგმენტს შეგვახსენებენ, მეორეს კი ვერაგულად გვიმალავენ. როგორც თავად განეშორნენ ეკლესიას, ისე ანაწევრებენ ერთსა და იმავე ფრაზას. უფალი თავის მოწაფეებს მოუწოდებს, დაიცვან ერთსულოვნება და მშვიდობა: ამენ გეტყÂ თქუენ: უკუეთუ ორნი თქუენგანნი შეითქუნენ ქუეყანასა ზედა ყოვლისათÂსვე საქმისა, რომელიც ითხოონ, ეყოს მათ მამისა ჩემისაგან ზეცათაÁსა. რამეთუ სადაც იყვნენ ორნი გინა სამნი შეკრებულ სახელისა ჩემისათÂს, მუნ ვარ მე შორის მათსა (მთ. 18,19-20)  და ამ სიტყვებით გვიჩვენებს, რომ მთავარია არა მვედრებელთა მრავალრიცხოვნება, არამედ მათი ერთ-სულ  ყოფა უკუეთუ ორნი თქუენგანნი შეითქუნენ ქუეყანასა ზედა, _ გვეუბნება მაცხოვარი. ამგვარად, უფალმა მცნებად დაგვიდო, უპირველესად ვიყოთ ერთსულოვანნი, შეხმატკბილებულნი; გვასწავლა, მართლად და გაბედულად დავეთანხმოთ ურთიერთს. მაგრამ როგორ დაეთანხმება ვინმეს ის, ვინც უპირისპირდება თავად ეკლესიის სხეულს და მთელ ძმობას?!                   ქრისტეს სახელით ვითარ შეკრბებიან ორნი ან სამნი, რომელთა შესახებაც ცნობილია, რომ უკვე განუდგნენ ქრისტესა და მის სახარებას! ჩვენ ხომ არ განვეშორეთ მათ, ისინი ჩამოგვცილდნენ! მას შემდგომ, რაც მათგან მოწყობილმა სხვადასხვა შეკრებებმა სათავე დაუდო ერესებსა და განხეთქილებებებს, მათ ზურგი აქციეს ჭეშმარიტების თავსა და საწყისს.                უფალი კი, ეხება რა ეკლესიას, შემდეგნაირად მიმართავს მასში მყოფთ: მათ შორის თანხმობის შემთხვევაში, თანახმად მაცხოვრის შეხსენებისა და შეგონებისა, თუ ორი-სამი შეიკრიბება და ერთსულოვნად ილოცებს, ისინი, მიუხედავად მათი მცირერიცხოვნებისა, საღვთო დიდებულებით მიიღებენ იმას, რასაც ითხოვენ. სადაცა იყვნენ ორნი გინა სამნი შეკრებულ სახელისა ჩემისათვის, მუნ ვარ მე შორის მათსა _ აქ იგულისხმება უბრალო და მშვიდობისმოყვარე, ღვთისმოშიში და ღვთის მცნებათა დამმარხველი ადამიანები.                                                             უფალმა აღგვითქვა, რომ იქნებოდა ასეთთა შორის. სამ ყრმასთან სახუმილში მყოფმა ცვრით განაგრილა ცეცხლის ალით გარშემორტყმულნი, რადგან ღვთის ერთგულნი და ერთსულოვანნი იყვნენ (იხ. dan. 3,50); უფალმა არ მიატოვა დილეგში გამომწყვდეული ორი მოციქული, რაკი ისინი წრფელნი და ერთსულოვანნი იყვნენ, გაუღო კარი და გამოიყვანა, რათა მათ ერისთვის ეთქვათ მართლად ნაქადაგები სიტყვა (იხ. saqm. 5,19). ამრიგად, როცა უფალი მცნებად გვიდგენს და გვეუბნება: სადაცა იყვნენ ორნი გინა სამნი შეკრებულ სახელისა ჩემისათვის, მუნ ვარ მე შორის მათსა, ამით ეკლესიის შემქმნელი და დამაფუძნებელი არ გამოყოფს ადამიანებს ეკლესიისგან, არამედ სარწმუნოებიდან განდგომილთ ამხელს და მართალთ მშვიდობისკენ მოუწოდებს.                                                                      უფალი თავისი სიტყვებით ცხადყოფს, რომ მისთვის ორ-სამ ერთსულოვნად  მლოცველთან ყოფნა უფრო სათნოა, ვიდრე მრავალრიცხოვან განსხვავებულად მოაზროვნესთან; და მცირერიცხოვანთა შეთანხმებული ლოცვით უფრო შესმენილ იქნება თხოვნა, ვიდრე ვედრებით მრავალთა, რომლებიც ერთმანეთში ვერ თანხმდებიან.                                    ამიტომაც ლოცვის კანონის დადგენისას უფალმა იქვე დაურთო: და რაჟამს სდგეთ ლოცვასა შინა, მიუტევეთ, უკუეთუ გაქუნდეს რაÁმე ბოროტი ვისთÂსმე, რაÁთა მამამანცა თქუენმან, რომელ არს ცათა შინა, მოგიტევნეს შეცოდებანი თქუენნი (მრკ. 11,25).                                              მსხვერპლშეწირვის მსურველს, რომელიც ვინმეს ემტერება, უფალი საკურთხეველთან არ უშვებს, უბრძანებს, ჯერ შეურიგდეს ძმას, მერე კი მშვიდობით დაბრუნდეს და მიართვას ძღვენი ღმერთს (იხ. mT. 5,23-25). უფალმა არ მოხედა კაენის შესაწირს, რადგან ვერ იქნებოდა მოწყალე მისდამი, ვისაც შურდა ძმისა, სძულდა და უპირისპირდებოდა მას. რა მშვიდობის მოპოვების იმედი აქვთ ძმათა მტრებს? რა მსხვერპლის შეწირვას განიზრახავენ ისინი, რომელთაც მღვდლების შურთ? ქრისტეს ეკლესიის გარეთ თავშეყრილთ ნუთუ სჯერათ, რომ ქრისტე მათთან არის?                     ასეთებმა თუნდაც თავს-იდვან რწმენის აღიარებისთვის სიკვდილი _ მათ ლაქას სისხლიც ვერ ჩამორეცხავს. განხეთქილების წარუხოცავ და მძიმე დანაშაულს ტანჯვაც ვერ განწმენდს. ვინც ეკლესიაში არ არის, მოწამე ვერ იქნება; ვერ დაიმკვიდრებს სასუფეველს ის, ვინც მიატოვა ეკლესია, რომელიც თავად მეუფებს.                                                                            ქრისტემ გვიბოძა მშვიდობა და გვიბრძანა, ვიცხოვროთ თანხმობითა და ერთსულოვნებით; მცნებად დაგვიდო, დაურღვევლად და მტკიცედ დავიცვათ ერთიანობა და სიყვარული _ ის კი, ვინც არ დაიმარხა ძმათა სიყვარული, მოწამე ვერ იქნება. ამას გვასწავლის და ადასტურებს პავლე მოციქული: მაქუნდეს ღათუ ყოველივე წინაÁსწარმეტყუელებაÁ და უწყოდი ყოველი საიდუმლოÁ და ყოველი მეცნიერებაÁ და მაქუნდეს ღათუ ყოველი სარწმუნოებაÁ ვიდრე მთათაცა ცვალებადმდე, და სიყუარული თუ არა მაქუნდეს, არა-ვე-raÁ ვარ. და შე-ღათუ-ვწამო ყოველი მონაგები ჩემი და მივსცნე Ãორცნი ჩემნი დასაწუველად, და სიყუარული არა მაქუნდეს, არარაÁვე სარგებელ არს ჩემდა. სიყუარული სულგრძელ არს და ტკბილ; სიყუარულსა არა შურნ, სიყუარული არა მაღლოინ, არა განლაღნის, არა სარცხÂნელ იქმნის, არა ეძიებნ თავისასა, არა განრისხნის, არად შეჰრაცხის ბოროტი, არა უხარინ სიცრუესა ზედა, არამედ უხარინ ჭეშმარიტებასა ზედა; ყოველსა თავს-იდებნ, ყოველი ჰრწამნ, ყოველსა ესავნ, ყოველსა მოითმენნ. სიყუარული არასადა დავარდების (1 კორ. 13,2-8).                                 მოციქულის სიტყვებით, სიყვარული არასდროს გადავა, სამარადჟამოდ ჰგიეს ზეციურ სასუფეველში და განუწყვეტლად განიგრძობა ძმური კავშირით შეკრულ ერთობაში. განხეთქილების ადგილი არ არის ზეციურ სასუფეველში, ვერც მისი მომწყობნი ეღირსებიან ჯილდოს ქრისტესგან, რომელმაც გვითხრა: ესე არს მცნებაÁ ჩემი, რაÁთა იყუარებოდით ურთიერთას (ინ. 15,12). ვინც მუხანათური უთანხმოებით დაარღვია ქრისტეს სიყვარული _ ვისაც არ უყვარს, მისთვის არც ღმერთი არსებობს და ვერც თავად მიეკუთვნება ქრისტეს. ნეტარი მოციქული გვეუბნება: ღმერთი სიყუარული არს და რომელი ეგოს სიყუარულსა ზედა, ღმერთი მის თანა ჰგიეს და იგი ღმრთისა თანა (1 ინ. 4,16).                      ამრიგად, ღმერთთან ვერ იქნებიან ისინი, რომლებმაც არ მოისურვეს, ყოფილიყო ერთსულოვნება ღვთის ეკლესიაში. მათ თავიც რომ გაწირონ, ცეცხლის ალში დაიფერფლონ ან მხეცთა შესაჭმელად მიგდებულებმა სული განუტეონ, ეს მაინც სასჯელად მიეგებათ თავიანთი ღალატისთვის, ისინი არა თუ დაიდგამენ სარწმუნოების გვირგვინს _ ამას დაერქმევა სასოწარკვეთილების საზღაური და არა დიდებული დასასრული ღვთისმოსაობისა. შეიძლება მოკლან ასეთი ადამიანი, მაგრამ ის ამით გვირგვინს ვერ ჰპოვებს. იგი საკუთარ თავს ქრისტიანს უწოდებს, მაგრამ ისეთივე სიყალბით, როგორითაც ეშმაკი ხშირად თავისთავს ქრისტედ მოიხსენიებს; თანახმად უფლის გამონათქვამისა: რამეთუ მრავალნი მოვიდოდიან სახელითა ჩემითა და იტყოდიან, ვითარმედ: მე ვარ, და მრავალთა აცთუნებდენ (მრკ. 13,6).                                                              როგორც ეშმაკი არ არის ქრისტე, თუმცა ამ უკანასკნელის სახელით ატყუებს მავანთ, ისე ქრისტიანად ვერ ჩაითვლება ქრისტეს სახარებისა და ჭეშმარიტი სარწმუნოების მიღმა მყოფი. რა თქმა უნდა, დიდი საქმეა და გაოცებას იმსახურებს წინასწარმეტყველება, ეშმაკთა განდევნა და უდიდესი სასწაულების აღსრულება ამქვყნად; მაგრამ ყოველივე ამის მოქმედი ვერ მიაღწევს ზეციურ სასუფეველს, თუ სწორი, ჭეშმარიტი გზით არ ივლის. ამის შესახებ გვაუწყებს უფალი: მრავალთა მრქუან მე მას დღესა შინა: უფალო, უფალო, არა სახელითა შენითა ვწინაწარმეტყუელებდითა და სახელითა შენითა ეშმაკნი განვასხენით და სახელითა შენითა ძალნი მრავალნი ვქმნენით? მას ჟამსა ვჰრქუა მათ, ვითარმედ: არა გიცნი თქუენ, განმეშორენით ჩემგან ყოველნი მოქმედნი უსჯულოებისანი (მთ. 7,22-23). საჭიროა სიმართლე, რომ ღმერთ_მსაჯულს სათნო-ვეყოთ უნდა დავემორჩილოთ მის მცნებებსა და შეგონებებს, რათა ჩვენთა საქმეთათვის ჯილდო მივიღოთ. უფალი სახარებაში მოკლედ მიგ

ნანახია: 1466 | დაამატა: paterzaqaria | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]

ახალი ამბები (НОВОСТИ)

ჰოსტერი uCoz