მე ვარ მწყემსი კეთილი და მწყემსმან კეთილმან სული თვისი დასდვის ცხოვართათვის

ალმანახი

გრდემლი

ანტიეკუმენისტური და ანტიმოდერნისტული ელექტრონული გამოცემა

საიტის მენიუ


სექციის კატეგორიები

ბიბლიოთეკა [97] სიახლენი [24]



ИВЕРИЯ С ОРУЖИЕМ ПРАВДЫ В ПРАВОЙ И ЛЕВОЙ РУКЕ_

Владимирова Елена, Польша (редактор сайта «Защитник Православия»)


გადმოწერა

 

» შესვლის ფორმა

სულ ონლაინში: 1
სტუმარი: 1
მომხმარებელი: 0
mail.


contact us :

zaqaria8@mail.ru

მთავარი » ფაილები » სიახლენი

ნიკოდიმოს მთაწმინდელი უხილავი ბრძოლა
16.04.2010, 10:53



ჩვენ ყველას ბუნებითად გვსურს და მცნებაც მოგვეცა, რომ სრულყოფილნი ვიყოთ. უფალი გვამცნებს: მაშ, იყავით თქვენ სრულქმნილნი, როგორც სრულქმილია მამა თქვენი ზეციერი (მათ. 5,48); პავლე მოციქული გვარწმუნებს: ბოროტისათვის ყრმანი იყავით, მაგრამ სრულწლოვანნი იყავით გონებით (1 კორ.14,20); სხვაგან კვლავ ვკითხულობთ: რათა მტკიცედ სდგეთ სრულნი და აღვსებულნი (კოლ. 4,12), და ისევ: ვისწრაფოთ სრულყოფის მიმართ (ებრ.6,1). ეს მცნება ძველ აღთქმაშიცაა ასახული, აი, ასე მიმართავს უფალი ებრაელებს „მეორე სჯულთაში": სრული იყავი უფალთან, შენს ღმერთთან (18,13), და წმიდა დავითიც თავის ძეს სოლომონს ასე მოძღვრავს: ხოლო შენ, სოლომონ, ძეო ჩემო, იცოდე მამაშენის ღმერთი წრფელი გულითა და ხალისიანი სულით (1 ნეშ. 28,9). ყოველივედან ნათლად ჩანს, რომ ღმერთი ქრისტიანთაგან სრულყოფილებას ითხოვს, რაც ნიშნავს, რომ სრულყოფილნი უნდა ვიყოთ ყველა სათნოებაში.

მაგრამ თუ შენ, ქრისტეს მიერ საყვარელო ჩემო მკითხველო, ამგვარი სიმაღლის მიღწევა გსურს, წინასწრ უნდა იცოდე ქრისტიანული სრულყოფილების არსი, რადგან თუ ეს არ გეცოდინება, შესაძლოა ჭეშმარიტი გზიდან გადაუხვიო და სულ სხვა გზაზე მიმავალს, გეგონოს, სრულყოფილებისაკენ მივემართებიო.

პირდაპირ გეტყვი: ყველაზე სრულყოფილი და დიდებული, რაც კი შეიძლება ისურვოს და მოიპოვოს ადამიანმა, ღმერთთან სიახლოვე და მასთან ერთობაა.

მაგრამ ცოტანი როდი არიან, რომელნიც ამბობენ, რომ ქრისტიანული ცხოვრების სრულყოფილება მარხვას, მღვიძარებას, მუხლდრეკას, შიშველ მიწაზე წოლას და მსგავს მკაცრ ხორციელ მოღვაწეობას ნიშნავს. სხვანი ფიქრობენ, რომ სრულყოფილებისთვის შინ მრავალგზის ლოცვის აღვლენა და ხანგრძლივი საეკლესიო მსახურებებია აუცილებელი. ისეთებიც არიან, რომელთა აზრითაც სრულყოფილება მხოლოდ ღრმა შინაგან ლოცვაში, განმარტოებაში, განდეგილობასა და მდუმარებაშია. უმეტესობა კი წესდებით დადგენილი ყველანაირი მოსაგრებითი ქმედების ზუსტი შესრულებით შემოსაზღვრავს სრულყოფილებას. არ იხრება რაიმე ზედმეტის ან ნაკლულოვანისკენ და სამეუფო გზით სვლას ესწრაფვის. თუმცა ყველა აქ ჩამოთვლილი სათნოება არ გახლავთ საწადელი ქრისტიანული სრულყოფილება, ისინი მხოლოდ მის მისაღწევად საჭირო ხერხი და საშუალებაა.

სათნოებები რომ მხოლოდ საშუალებაა ქრისტიანულ ცხოვრებაში სრულყოფილების მისაღწევად და თანაც, ქმედითი საშუალება, ეს საეჭვო არ არის. ბევრი სათნო ადამიანი ვიცით, რომელიც, როგორც ეგების, ცდილობს მოიხვეჭოს სათნოებები, რათა საკუთარი ცოდვებისა და უკეთურების დასაძლევად ძალა და ძლიერება მოიპოვოს და მათი მეშვეობით წინ აღუდგეს ჩვენი სამი ძირითადი მტრის: ხორცის, ამა სოფლისა და სატანის განსაცდელთა და საცდურთ; მოიხვეჭოს ყველა ღვთის შვილისათვის, განსაკუთრებით კი ახალდამწყებთათვის აუცილებელი სულიერი შემწეობა. ისინი მარხულობენ, რათა მოათვინიერონ საკუთარი ხორციელი ვნებები, მღვიძარებენ, რათა გაიმახვილონ გონების თვალი, წვებიან შიშველ მიწაზე, რომ არ გაზულუქდნენ ძილით, ენას მდუმარებით თოკავენ და განმარტოვდებიან, რათა თავი ააიდონ სულ მცირე საბაბსაც კი, რომელიც რაიმეთი შეურაცხყოფდა ღმერთს; ლოცულობენ, აღასრულებენ საეკლესიო მსახურებებს და სხვა ღვთისსათნო საქმეთ, რათა მათი გულისყური ზეციურ საგნებს არ მოშორდეს; კითხულობენ იესო ქრისტეს ცხოვრებისა და ვნების შესახებ, რათა უკეთ შეიცნონ საკუთარი სისუსტე და ღვთის გულმოწყალება; რომ თავგანწირვითა და მხრებზე მაცხოვრის ჯვრით მავალთ ისწავლონ, თუ როგორ მისდიონ უფალ იესო ქრისტეს, და უფრო მეტად გააღვივონ გულში სიყვარული ღვთისა და სიძულვილი საკუთარი თავისა.

მაგრამ, მეორე მხრივ, იგივე სათნოებებმა მას, ვინც მათში საკუთარი ცხოვრების აზრსა და სასოებას ხედავს, შეიძლება დიდი ზიანი მიაყენოს და სასოწარკვეთილებამდეც კი მიიყვანოს - არა თავისთავად (ისინი ხომ ღვთაებრივი და წმინდაა), არამედ მისივე შეცდომით, ვინც ჯეროვნად არ მოიხმარს სათნოებებს, ანუ გარეგნულად აღასრულებს მათ, გულს კი საკუთარი და სატანის ნებელობის ქვეშ ტოვებს. სატანა ხედავს, რომ ადამიანმა ჭეშმარიტი გზიდან გადაუხვია და არათუ ხელს უშლის მას მოღვაწეობაში, ხანდახან ეხმარება კიდეც, რათა ამაო ზრახვებს აყოლილმა კაცმა ღვაწლი უფრო გაამრავლოს. ამ დროს ასეთი მოღვაწეები გარკვეულ სულიერ მოძრაობასა და ნუგეშს განიცდიან. ფიქრობენ, რომ უკვე მიაღწიეს ანგელოსებრივ მდგომარეობას, რომ სულში ღვთის სუფევას გრძნობენ; ხანდახან კი, რაიმე განყენებული, არამიწიერი საგნების შესახებ ჭვრეტას მიცემულნი, ოცნებობენ, თითქოს დატოვეს მიწიერი სამყარო და მესამე ცამდე აღიტაცნენ.

მაგრამ მათივე ცხოვრების და ზნის მიხედვით ყველა გულისხმაჰყოფს, თუ როგორი შეცოდებებითაა აღსავსე ამ ადამიანთა ქმედებები და რაოდენ შორს იმყოფებიან ჭეშმარიტი სრულყოფილებისგან. მათ ყოველთვის სურთ, რომ სხვებთან შედარებით უპირატესობას ანიჭებდნენ, უყვართ საკუთარი ნება-სურვილის მიხედვით ცხოვრება და გადაწყვეტილების მიღებისას შეუპოვრობას იჩენენ; სრულიად ბრმანი არიან საკუთარი თავის მიმართ, მაგრამ ძალზე თვალმახვილნი და გულმოდგინენი სხვათა სიტყვისა თუ საქმის გარჩევისას. თუ ვინმე ირგვლივ მყოფთა პატივისცემით სარგებლობს, ვერ იტანენ და მის მიმართ აშკარად მტრულად განეწყობიან. თუ ვინმე, განსაკუთრებით სხვათა თანდასწრებით, ღვთისმოსავ საქმეებსა და მოსაგრეობაში ხელს შეუშლის, წამსვე აღშფოთდებიან, განრისხდებიან და სიბრაზისგან თავს ჰკარგავენ.

როდესაც ღმერთი ასეთ ადამიანებს საკუთარი თავის შესაცნობად და სრულყოფილების ჭეშმარიტ გზაზე დასაყენებლად გასაჭირსა და ტკივილს მოუვლენს, ან დაუშვებს დევნას, რითაც იგი, ჩვეულებრივ, თავის ჭეშმარიტ შვილებს გამოცდის, მაშინ აშკარა ხდება, თუ რა იფარებოდა მათ გულში და როგორ ღრმად ყოფილან ამპარტავნებით განხრწნილნი: რაც უნდა ჭირი დაატყდეთ თავს, არ სურთ ღვთის იდუმალი და სამართლიანი სამსჯავროს წინაშე განსვენებულთ, ქედი მოიდრიკონ მის უღელქვეშ; არ სურთ, თავადაც დამდაბლდნენ უფლის მაგალითისამებრ, რომელმაც ჩვენს გამო დაიმდაბლა თავი და ეწამა; დამდაბლდნენ ყველა ქმნილებაზე მეტად და საყვარელ მეგობრებად მიიღონ თავიანი მდევნელები, როგორც მათდამი ღვთაებრივი მადლის გამოვლენის საშუალებანი და მათი ცხონების მოსწრაფენი.

აშკარაა, რომ ისინი დიდ საფრთხეში იმყოფებიან. შინაგანი თვალი, ანუ გონება დაბნელებიათ, მით უმზერენ საკუთარ თავს და არასწორად ხედავენ. გარეგნულად სათნო საქმეებზე ფიქრობენ, ჰგონიათ, რომ სრულყოფილებას მიაღწიეს და ამით გაამაყებულნი, სხვებს განიკითხავენ. ამის შემდეგ, ღვთის საგანგებო ზემოქმედების გარეშე, შეუძლებელია, კაცთაგან ვინმემ შეძლოს ამნაირი ადამიანის მოქცევა. აშკარა ცოდვილი უფრო ადვილად შემობრუნდება სიკეთისკენ, ვიდრე გარეგნული სათნოებების საბურველით დაფარული.

ახლა, როდესაც ასე ნათლად და გარკვევით შევიტყვეთ, რომ სულიერი ცხოვრება და სრულყოფილება მხოლოდ იმ ხილული სათნოებებისგან არ შედგება, რომლებზედაც ვისაუბრეთ, ისიც უწყოდეთ, რომ ჭეშმარიტი სრულყოფილება, როგორც უკვე ვთქვით, სხვა არაფერია, თუ არა ღმერთთან სიახლოვე და მასთან ერთობა, რაც ნიშნავს: ღვთაებრივი დიდებულებისა და სახიერების გულწრფელ აღიარებასა და საკუთარი არარაობისა და ყოველგვარი ბოროტებისკენ მიდრეკილების შეცნობას; ღვთის სიყვარულსა და საკუთარი თავის მოძულებას; უფლის სიყვარულის გამო საკუთარი თავის დამორჩილებას არა მხოლოდ ღვთის, არამედ ყოველივე შექმნილისადმი; საკუთარი ნების უარყოფასა და ღვთის ნებისადმი სრულ მორჩილებას. ამასთანავე, ყოველივე ეს უნდა გვწადდეს და აღვასრულებდეთ სუფთა გულით, ღვთის სადიდებლად, მხოლოდ ღვთის სათნოსაყოფად, მხოლოდ იმიტომ, რომ მას სურს ასე და ასე გვმართებს მისი სიყვარული და მსახურება.

აი, ესაა სიყვარულის კანონი, ღვთის ერთგულ მონებში მისივე ბეჭდით შთატვიფრული! ესაა საკუთარი თავის უარყოფა, რასაც ითხოვს ჩვენგან უფალი. ეს იესო ქრისტეს ტკბილი უღელი და მსუბუქი ტვირთია! ესაა ღვთის ნების მორჩილება, რასაც საკუთარი სიტყვით და საკუთარი მაგალითით ითხოვს ჩვენგან ჩვენი გამომხსნელი და მასწავლელი. განა თავად არ მოგვიწოდა მთავარმა ჩვენმა და ჩვენი ცხონების აღმსრულებელმა უფალმა იესომ, რათა ასე ვილოცოთ ზეციური მამის მიმართ: მამაო ჩვენო!... იყავნ ნება შენი ვითარცა ცათა შინა, ეგრეცა ქვეყანასა ზედა (მათ.,6,10)? წამების გზაზე შემდგარმა, განა თავადვე არ შეჰღაღადა: თუმცა იყოს არა ჩემი ნება, არამედ შენი (ლუკ. 22,42)? და საკუთარ საქმეთა შესახებ არა თქვა: ვინაიდან იმისთვის როდი ჩამოველ ზეცით, რომ აღვასრულო ჩემი ნება, არამედ ნება ჩემი მომავლინებელისა (იოან. 6,38)?

ახლა ხედავ, ძმაო, რაშია საქმე, ვიმედოვნებ, მზადყოფნას გამოავლენ და ამგვარი სრულყოფილებისაკენ ისწრაფებ. კურთხეულ იყოს შენი გულმოდგინება. მაგრამ პირველი ნაბიჯებიდანვე მოემზადე შრომის, ოფლისღვრისა და ბრძოლისათვის. ყველაფერი ღმერთს უნდა შესწირო მსხვერპლად და მხოლოდ მისი ნება აღასრულო. იცოდე, საკუთარ თავში იმდენიმე ნება-სურვილს აღმოაჩენ, რაოდენი ძალა და მოთხოვნილებაც გაქვს და, იმის მიუხედავად, ღვთის ნებას ეთანხმებიან თუ არა, ყველა მათგანი დაკმაყოფილებას მოითხოვს. ამიტომ სასურველი მიზნის მისაღწევად თავდაპირველად საკუთარი სურვილების დათრგუნვა გმართებს, საბოლოოდ კი მათი სრული ჩახშობა და ჩაკვლა. ხოლო ამაში რომ წარემატო, განუწყვეტლივ უნდა აღუდგე ცუდს და საკუთარ თავს კეთილის ქმნა აიძულო. ანუ საკუთარ თავში განუწყვეტლივ ებრძოლო იმას, რაც შენს ნება-სურვილს ხელს უწყობს, აღაგზნებს და ეხმარება მას. ამგვარი ბრძოლისთვის ემზადე და უწყოდე, რომ გვირგვინი - შენთვის სანუკვარი მიზნის მიღწევა - ქველ მეომართა და მოასპარეზეთა გარდა არავის ეძლევა.

და რადგან ეს ბრძოლა ყველა დანარჩენზე რთულია, ვინაიდან საკუთარ თავთან ორთაბრძოლაში ჩაბმულნი მოწინააღმდეგესაც აქვე ვაწყდებით, მასში გამარჯვებაც ყველა სხვა გამარჯვებაზე სასახელო, და რაც მთავარია, სათნოა ღვთისთვის. რადგან თუ მოშურნეობით აღვსილი გაიმარჯვებ შენს ვნებებზე და მოაკვდინებ მათ, მოაკვდინებ საკუთარ ნებას და ავხორცობას, ამით უფრო მეტად სათნოეყოფი ღმერთს და კეთილად იმუშაკებ მისთვის, ვიდრე ძველი მეუდაბნოეების მსგავსად, სხეულის სისხლისღვრამდე გაშოლტვითა და გამოფიტვამდე მარხვით. ასობით ქრისტიანის უსჯულოთაგან მონობისგან გამოსყიდვა და განთავისუფლებაც ვერ გიხსნის, თუკი თავად შენ ვნებათა ტყვეობაში იმოფები. და რაც უნდა დიადი საქმეები აღასრულო ფრიადი შრომითა და მსხვერპლით, სასურველ მიზანს ვერ მიაღწევ, თუ საკუთარ ვნებებს უყურადღებოდ დატოვებ და შენში თავისუფლად არსებობისა და მოქმედების საშუალებას მისცემ.

და ბოლოს, მას შემდეგ, რაც შეიტყე ქრისტიანული სრულყოფილების არსი, და ისიც, რომ მის მისაღწევად საკუთარ თავთან განუწყვეტელი და დაუნდობელი ბრძოლა გმართებს, თუ ნამდვილად გსურს ამ უხილავ ბრძოლაში გამარჯვება და ჯეროვანი გვირგვინის მიღება, გულში ოთხი ამგვარი განწყობა და სულიერი ქმედება აღიბეჭდე, თითქოსდა ყველაზე კეთილსაიმედო და ძლევამოსილი უხილავი იარაღით იყო შეჭურვილი: ა) არასოდეს გქონდეს საკუთარი თავის იმედი, ბ) გულში ყოველთვის გქონდეს სრული სასოება ღვთისა, გ) განუწყვეტლივ იღვაწე, დ) მოუკლებლივ ილოცე.

კატეგორია: სიახლენი | დაამატა: paterzaqaria
ნანახია: 1565 | რამოტვირთვები: 0 | რეიტინგი: 5.0/3
სულ კომენტარები: 0
კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]

ახალი ამბები (НОВОСТИ)

ჰოსტერი uCoz