მე ვარ მწყემსი კეთილი და მწყემსმან კეთილმან სული თვისი დასდვის ცხოვართათვის

ალმანახი

გრდემლი

ანტიეკუმენისტური და ანტიმოდერნისტული ელექტრონული გამოცემა

საიტის მენიუ


სექციის კატეგორიები

ბიბლიოთეკა [97] სიახლენი [24]



ИВЕРИЯ С ОРУЖИЕМ ПРАВДЫ В ПРАВОЙ И ЛЕВОЙ РУКЕ_

Владимирова Елена, Польша (редактор сайта «Защитник Православия»)


გადმოწერა

 

» შესვლის ფორმა

სულ ონლაინში: 1
სტუმარი: 1
მომხმარებელი: 0
mail.


contact us :

zaqaria8@mail.ru

მთავარი » ფაილები » სიახლენი

როგორ მოვაგვაროთ ოჯახური ურთიერთობები
03.05.2010, 21:21
  გაყრა ყოველთვის ტრაგედიაა, რომლისაგანაც ყველა მხარე ევნება: ქმარიც, ცოლიც, შვილებიც, მშობლებიც და ნათესავებიც. როცა კონფლიქტი წარმოიშ-ვება, ამაში დამნაშავენი მრისხანების, გაღიზიანების, ურთიერთწყენისა და საყვედურების დაგროვილი სიმძიმის ზემოქმედებით, არ ფიქრობენ შედეგებზე. აღსანიშნავია მნიშვნელოვანი კანონზომიერება: როცა ძლიერები სცოდავენ, მაშინ, პირველ ყოვლისა, სუსტები ევნებიან. მამაკაცები რომ სცოდავენ, ქალები ევნებიან; ქალები რომ სცოდავენ _ ბავშვები ევნებიან. როგორც წესი გაყრის ინიციატორად ქმარი გვევლინება. ძნელია ტანჯვის იმ სიმძიმის აღწერა, რასაც მიტოვებული ცოლი განიცდის. ქალის ფსიქოლოგია ფაქიზია და არ უნდა იწვნევდეს მსგავს გადატვირთვებს; იგი არ არის მომარჯვებული ამისთვის და ხშირად არ შეუძლია თავსდატეხილი კატასტროფის გადატანა. ამ სტრესს იქამდე მიჰყავს იგი, რომ ფიზიკურად და ფსიქიკურად სავსებით ჯანსაღი ქალი არაადექვატურად იწყებს მოქცევას. ირღვევა მისი თვითშეფასება, ქალს ეწყება დაკომპლექსება, თავს არასრულფასოვნად მიიჩნევს ზნეობრივადაც და ფიზიკურადაც, დგამს ისეთ ნაბიჯებს, რომლებიც მხოლოდ აუარესებენ, ამწვავებენ სიტუაციას და რომლებსაც იგი არასდროს არ ჩაიდენდა ნორმალურ მდგომარეობაში. შეგრძნება იმისა, რომ აღარავის სჭირდება, ყველასაგან მიტოვებულია; გაცნობიერება იმ ფაქტისა, რომ რაც ყველაზე ძვირფასი და წმინდა იყო, ახლა შეგინებული და გაუფასურებულია, და ასეთადვე დარჩება მთელი მისი ცხოვრების განმავლობაში _ წამლავს მას. მშობელთა გაყრისაგან ძალზე მძაფრად შვილები ევნებიან _ უშუალოდაც და შუალობითაც. იმ ქალისთვის, და მეტადრე _ მარტოხელა დედისთვის, რომელიც თავისი მოგონილი არასრულფასოვნებისაგან იტანჯება, ძნელია, თითქმის შეუძლებელიც სრულფასოვანი აღზრდა-განათლება მისცეს თავის შვილს. ნაკლულევან ოჯახში ბავშვებს წარმოდგენა არა აქვთ მამის როლზე, ხოლო დედას არ ძალუძს სრული ზომით გამოავლინოს მამაკაცური თვისებები. ძველ დროში ბიჭუნას სამი წლის ასაკიდან მოაცილებდნენ ქალებს და აღსაზრდელად მამაკაცებს გადასცემდნენ, რათა ის ნამდვილი მამაკაცი გაზრდილიყო, ძლიერი ხასიათისა, შემძლე იმად, რომ პასუხისმგებლობა თავის თავზე აიღოს და გადამჭრელ მოქმედებებს მიმართოს. ამიტომაც იზრდებოდნენ წინათ დიადი, ძლიერ მამაკაცები, რომლებიც დიად ისტორიას ქმნიდნენ, ვაჟკაცურად ხვდებოდნენ ხიფათს, გაბედულად მიდიოდნენ იმ გარემოებათა გადასალახავად, დაუძლეველნი რომ მოჩანდნენ, და სიძნელეებიც უკან იხევდნენ ამ Uუშიშარობის, ერთგულებისა და დიდსულოვნების წინაშე. მიტოვებულ ცოლს გაცნობიერებული უნდა ჰქონდეს, რომ ძალზე მნიშვნელოვანია მოთმინედ და მტკიცედ მიჰქონდეს თავისი ჯვარი, რათა ძალები შეინარჩუნოს საბრძოლველად საკუთარი თავისთვის და ოჯახისთვის. მარტოდ დარჩენა ყოველთვის მძიმეა, ძნელია მოთმენა, ძნელია ბედს დამორჩილება, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ ხელები უნდა ჩამოუშვა და სრულიად გამოფიტო საკუთარი ნერვული სისტემა. ასე, ღმერთმა დაგვიფაროს, ადამიანი შეიძლება იმ აზრამდეც კი მივიდეს, რომ უსამართლო ანგარიში გაუსწოროს სიცოცხლეს. რომ მოეშვა სიძნელეთა წინაშე, ისინი შეგაშთობენ. ხოლო თუკი გააცნობიერებ, რომ ფრონტზე მყოფი მებრძოლივით, ბოლომდე უნდა იომო და გაუძლო, მაშინ ნამდვილად გაიმარჯვებ. რა თქმა უნდა, ღმერთის შეწევნით! მხოლოდ ასე შეიძლება გაყრით გამოწვეული მძიმე, ტრაგიკული სიტუაციის შეცვლა. მრავალი მაგალითის მოყვანა შეიძლება იმისა, თუ როგორ შესძლებიათ ქალებს თავიანთი ქმრების დაბრუნება სულიერი ღვაწლით _ ლოცვით, სინანულით, სიმტკიცით, მხნეობით, რწმენითა და ერთგულებით, _ ქმრებისა, რომლებიც თითქოსდა სამუდამოდ იყვნენ წასულები. მაგრამ ჯობს უბედურება თავიდან ავიცილოთ, ვიდრე დაგვიანებით ვცდილობდეთ მისი დამანგრეველი შედეგების დაძლევას. თუ კონფლიქტი წარმოიშვა, საჭიროა რაც შეიძლება სწრაფად მოვაგვაროთ იგი. აუცილებელია პირველ ყოვლისა საკუთარი შეცდომები მოიძიო, იპოვო შერიგების გზები. არავითარ შემთხვევაში არ შეიძლება დაუშვა კონფლიქტის გაღვივება და მაშინაც კი, როცა სიტუაცია გამოუვალი გეჩვენება, არ შეიძლება ბინძურ, ანგარებიან ადამიანებს მივმართოთ დახმარებისათვის, რომლებიც, როგორც წესი, შარლატანები არიან, და ვინძლო, რაც კიდევ უფრო უარესია, მართლაც ფლობენ ოკულტურ ცოდნას და მაგიის ხერხებს. ეს ექსტრასენსები, "მკურნალები" და მკითხავები რომც იმყოფებოდნენ რაღაც კავშირში დემონურ ძალებთან. მათ, თავიანთი ბუნებით, მაინც ზიანის მეტის არაფრის მოტანა არ შეუძლიათ. მათი ყველა "ცოდნა" და "პრაქტიკა" მხოლოდ უძლური თავხედობებია ჩვენი უფლის იესო ქრისტეს უძლეველი, მიუწვდომელი, ღვთაებრივი ძალის წინაშე, რომელიც ყოველთვის კურნავს ჩვენს სულიერ და ფიზიკურ უძლურებებს და ცხოვრების გზაზე გვწინამძღვრობს. მაშ, რა უნდა მოიმოქმედო, თუკი ქმარმა "სხვა შეიყვარა"? ზნეობრივი გაკვეთილის ჩატარება მისი საქზიელის უზნეობის შესახებ არასერიოზულია. ადამიანური ძალისხმევით ამ კატასტროფის თავიდან აცილება პრაქტიკულად შეუძლებელია. მაგრამ შეუძლებელი კაცთათვის შესაძლებელ არს ღმრთისა! ამიტომ უნდა ვუთხრათ საკუთარ თავს, რომ სიტუაცია ტრაგიკულია, სრულიად მოუთმენელი და ხელები კი არ უნდა ჩამოვყაროთ, არამედ უნდა ვებრძოლოთ მას. თუკი კაცი სხვა ქალთან მიდის, ამით ის საშინელ, მომაკვდინებელ ცოდვას სჩადის, რომლის შესახებაც საღმრთო წერილში ნათქვამია: "მრუში კაცი და მრუში ქალი სიკვდილით მოკვდეს!" (იხ. ლევიტ. 20,10). ძველ დროში ადამიანები ამისთვის სიკვდილით ისჯებოდნენ. შუა საუკუნეებში სხვაგვარად იქცეოდნენ. მოღალატეს აშიშვლებდნენ, ტანზე კუპრს უსვამდნენ, ბურტყლში ამოგანგლავდნენ და ასე დაატარებდნენ მთელს ქალაქში. უწინ ადამიანები ძალზე მკაცრად იცავდნენ ზნეობის სიწმინდეს (საქართველოს სოფლებში ღალატისთვის ხშირად ჰქოლავდნენ კიდეც! - მთარგმნელი). ჩვენს დროში კი სრული დაუსჯელობაა: უხამსი ფილმების, ფოტოსურათების, წიგნების ზეგავლენით ადამიანი მრავალ უზნეო საქციელს სჩადის საზოგადოების მდუმარი თანხმობით. მაგრამ ეს ყოვლად დაუშვებელია. ნებისმიერ ღალატი _ მდაბალი, საძაგელი საქციელია, ვერაგობაა, უმადურობა, საკუთარი მოვალეობის შეუსრულებლობა, საშინელი ეგოიზმი და დაბრმავება. და შენ (ამის ჩამდენი) მხოლოდ საკუთარ თავზე ფიქრობ, არ გესმის, თუ რა მწუხარება მოგაქვს შენი მოყვარული ადამიანისათვის. და ამ დროს ჯადო-სიტყვასავით წარმოთქვამ სიტყვებს მასზედ, რომ სიყვარულმა გაგიარათ. ეს სიცრუეა. უბრალოდ, შენს თავს ნება მიეცი უმადური, უპატიოსნო, ყოფილიყავი, დაგევიწყებინა ის სიკეთე, ის სითბო, რომლებსაც ეს ადამიანი გჩუქნიდა. შენ სხვას შეხვდი, და ის გეჩვენება სწორედ იმ ადამიანად, რომელსაც ყოველთვის ეძებდი. მაგრამ ეს მხოლოდ ემოციური აფეთქებაა, გამოწვეული შენი თავაშვებულობით, რამაც შენ ჰორმონალურ აფეთქებამდე მიგიყვანა, და აი, შენ უკვე არ ძალგიძს შენი საკუთარი ჰორმონების ზემოქმედებას მოერიო. თურმე, ბიოქიმიური შენაერთები წარმართავენ შენს ქცევებს. ეს უღირსი საქციელია. რუსეთის საიმპერატორო არმიაში, მაგალითად, ოფიცრების საზოგადოებიდან მოიკვეთებოდა ცოლის მოღალატე ოფიცერი, იმიტომ, რომ არ შეიძლება საქმის დაჭერა ვერაგ ადამიანთან. თუ შენ ვერ შესძელი შენი ოჯახის ერთგულება, მაშინ შენზე იმედის დამყარებაც არ შეიძლება. ჩვენს დროში საზოგადოებაში შეიცვალა დამოკიდებულება ოჯახისადმი. შეიცვალა მიმართება ერთგულებისადმი, საღმრთო მცნებებისადმი. ისინი გამოცხადებულია არანაირი მნიშვნელობის მქონედ. როგორც ივანე კარამაზივი ამბობდა დოსტოევსკის რომანში: "თუ ღმერთი არ არის, მაშინ ყოველივე ნებადართულია". (ოლეგ კონოვალოვის ფოტო) 1920 წლის დასაწყისში პიტირიმ სოროკინმა პეტერბურგში გამოკვლევა ჩაატარა, რომლის შედეგებმაც მას თავზარი დასცა. აღმოჩნდა, რომ მაშინ 10000 ქორწინებაზე 93 გაყრა მოდიოდა, და ეს ციფრი მას ძალზე დიდი ეჩვენებოდა! და ეს იყო ყოფილი დედაქალაქი, რომელმაც რევოლუცია, ნგრევა, ქაოსი გადაიტანა. მაგრამ იმ დროში ზნე-ჩვეულებები ჯერ კიდევ ისეთი იყო, რომ ეს რაოდენობა მომაკვდინებელი, წარმოუდგენელი მოჩანდა. ახლა კი ყოველ 10000 ქორწინებაზე 5000 განქორწინება მოდის! როცა პ. სოროკინის ამ გამოკვლევას გაეცნო, ლენინმა მას "ბატონყმობის მომხრე, ფეოდალი და სამღვდელოთა დიპლომირებული ლაქია" უწოდა. ნაცვლად იმისა, რომ ისეთი რეაგირება ჰქონოდა, როგორც ამაზე სახელმწიფო მოღვაწე უნდა რეაგირებდეს, კერძოდ: ყველაფერი ეღონა ოჯახების განსამტკიცებლად, ლენინმა უბრალოდ განდევნა პ. სოროკინი, ხედავდა რა მასში უხერხულ კაცს, რომელიც ხელისუფალთა პოლიტიკის დამღუპველ შედეგებზე მიუთითებს. ამის შედეგად პიტირიმ სოროკინი თანამედროვე სოციოლოგიას სამშობლოში კი არა, ამერიკაში ჰქმნიდა. რუსეთში კი ძალზე სერიოზული დარტყმა მიაყენეს ოჯახის ინსტიტუტს. თუმცა ახლა მთელს მსოფლიოში შეიცვალა დამოკიდებულება ოჯახისადმი. ოჯახები ირღვევა, შობადობა კლებულობს, გაყრა ნორმად ითვლება. ასევე ნორმად მიიჩნევა თანაცხოვრება უქორწინებლად. რა თქმა უნდა, გაყრა დამანგრეველია ბავშვებისათვის, მიტოვებული ცოლისათვის, მაგრამ დიდი სულიერი ზიანი ადგება თავად მოღალატესაც. შესაძლოა, მან ერთხანს იცხოვროს კიდეც უდარდელად, მაგრამ საშინელი ხვედრი მოელის მას სიცოცხლის ბოლოს და იმქვეყნიურ ცხოვრებაში. ღალატისათვის პასუხის გაცემა მოუწევს, ამიტომ ცოლი მხოლოდ ოჯახის გულისთვის და საკუთარი თავისთვის კი არ უნდა იბრძოდეს, არამედ თავისი მეუღლის გადასარჩენადაც. როგორ ვიბრძოლოთ საკუთარი ოჯახისათვის? უფალს ნებავს, ჩვენ ერთმანეთისთვის ვლოცულობდეთ. უფალს ნებავს, რომ ცოლი თავის ქმარს ავედრებდეს ღმერთს და მისი ცხოვნებისათვის იღვწოდეს. და უფალს ნებავს, რომ ოჯახი შენარჩუნებულ იქნას. რადგანაც ცოლი, რომელსაც ოჯახის შენარჩუნება სურს, მართალია, ხოლო ქმარი, რომელიც ოჯახიდან მიდის, რა თქმა უნდა, ტყუის, ამიტომ ზნეობრივი მიმართებით ცოლი ქმარზე უფრო ძლიერი აღ მოჩნდება. და თუკი მას ეყოფა რწმენა, მხნეობა, სიმტკიცე, მისწრაფება ოჯახის შესანარჩუნებლად, მაშინ ძალზე დიდია იმის ალბათობა, რომ იგი მოახერხებს ამას. ხოლო თუ ვერ შესძლებს, მაშინ მოციქული პავლე ამბობს: "ნუ სცთებით, რამეთუ არცა მემრუშეთა... , არცა მეძავთა..., არცა მპარავთა, არცა ანგაჰრთა სასუფეველი ღმრთისაი ვერ დაიმკვიდრონ" (I კორინთ. 6,9-10). სჯულის სიმკაცრე მიმართულია იმისკენ, რომ იხსნას ადამიანები იმქვეყნიური საშინელი ხვედრისაგან. ამიტომ არ შეიძლება ამ კანონების დარღვევა. სიყვარულის ქვეშ ხშირად ესმით ერთგვარი ფსიქოფიზიკური მდგომარეობა. ასეთი სიყვარულის ობიექტის დანახვისას ადამიანი ძლიერ ემოციებს განიცდის და ამაღლებულ გრძნობად იღებს მათ, მაშინ, როცა სიყვარული _ ყველა სათნოების გვირგვინია. სიყვარული არის უნარი სხვისი გაგებისა, სხვისი თანაგრძნობისა, სხვისი შებრალებისა, სხვაზე ზრუნვისა. სიყვარული არის თანამოაზრეობის მდგომარეობა, როცა არ შეგიძლია მშვიდად იცხოვროთ თუ რაიმე უთანხმოება, განხეთქილება გაქვს საყვარელ ადამიანთან. სიყვარული დაკავშირებულია პასუხისმგებლობის, მოვალეობის გრძნობასთან. და ეს ვალი გადაუხდელია, იმიტომ, რომ როცა ვიღაცას უყვარხარ, ეს მოულოდნელი და დაუმსახურებელი საჩუქარია. სიყვარული _ საიდუმლოებით მოცული გრძნობაა. რატომ გვიყვარს სწორედ ეს ადამიანი? ეს განცდების განსაკუთრებული კომპლექსია, და სულაც არ დაიყვანება იგი ფსიქოფიზიოლოგიურ გრძნობებამდე, არამედ არის სულის განსაკუთრებული მდგომარეობა. ეს არ ნიშნავს, რომ საყვარელი ადამიანი იდეალურია, უცოდველია. ეს ნიშნავს, რომ შენ გეყოფა სიყვარული, სულის სისპეტაკე, რათა გადაფარო შენი ცხოვრების თანამგზავრის გარდუვალი ნაკლოვანებები. ანტუან დე სენტ ეკზიუპერიმ თქვა, რომ სიყვარული _ ისაა, როცა ორნი ერთმანეთს შეჰყურებენ, ერთად კი ერთი მიმართულებით იყურებიან; როცა ისინი ერთი ამაღლებული მიზნისაკენ ისწრაფიან, რომლის გულისთვისაც ღირს სიცოცხლე და განსაცდელების დათმენა ამქვეყნად, ხშირად ძალზე მძიმეებისაც. მაგრამ თუ ქმარი არაეკლესიურია? მეუღლეთა ურთიერთობები ძალზე ფრთხილი, დელიკატური უნდა იყოს; ჩვენ უნდა გვეშინოდეს იმისა, რომ რითიმე ხელი არ ვკრათ ადამიანს და არ განვაგდოთ ჩვენგან. კარგია, როცა ცოლი ტაძარში დადის, მაგრამ ზოგჯერ ადამიანები არასწორ დასკვნებს აკეთებენ სწორი წანამძღვრებისაგან. მცირდება დრო, რომელსაც ცოლი ქმარს უთმობს; იცვლება მისი ცხოვრების წესი, რადგან ეკლესია გარკვეულ შეზღუდვებს აწესებს: მარხვას, თავშეკავებას მეუღლეობრივი შეერთებისაგან და სხვ. ქმარი კი ჯერ სრულიად არ არის ამისთვის მზად. და თუ ცოლი დაჟინებით მოითხოვს მისგან აღნიშნული შეზღუდვების დაცვას, მაშინ აღმოჩნდება, რომ ოჯახში იძულებას აქვს ადგილი, თუმცა კი ფორმალური თვალსაზრისით ქალი მართალია _ მარხვა, თავშეკავება აუცილებელია. მაგრამ ქმარს ძალით არ უნდა მოვახვიოთ თავს ეს მარხვა, თუკი ის არ დადის ეკლესიაში. საჭიროა გამოვდიოდეთ ჩვენი მეუღლის შესაძლებლობებიდან. თუ მას არ შეუძლია გადაიტანოს თავშეკავების ხანგრძლივი პერიოდები, მაშინ არ არის საჭირო მისი პროვოცირება. შეიძლება ასეთი მაგალითის მოყვანა: ვასეირნოთ ტყეში ჩვენი ლამაზი ცოლი, ძალზე რომ დაიღალოს და მოშივდეს; მერე სახლში მივიყვანოთ, სადაც უხვი სუფრაა გაშლილი, და ვუთხრათ: "ჭამა არ შეიძლება!" მარხვის შენახვა, თავშეკავება აიძულო ქმარს, რომელსაც ჯერ არ შეუძლია მარხვა და თავის შეკავება მეუღლეობრივი შეერთებისაგან, _ ეს მხოლოდ მისი აბუჩად აგდებაა. მოციქული პავლე გვეუბნება: "ნუ განეშორებით ურთიერთას, გარნა თუ შეთქუმით რაიმე, ჟამ რავდენმე, რაითა მოიცალოთ ლოცვად და მარხვად, და კვალად ურთიერთასვე იყვენით, რაითა არა განგცადნეს თქვენ ეშმაკმან უთმინოებითა თქვენითა" (I კორ. 7, 5). აქ საჭიროა იმ ზომის განსაზღვრა, რომლის გაძლებაც თქვენს ქმარს შეუძლია. ცუდია, თუკი ქალი თავისი აღმატებულობის დემონსტრირებას ახდენს ოჯახში. იგი სავსებით შეიძლება ქმარზე უფრო ნიჭიერი, უფრო წარმატებული იყოს, მასზე მეტი შემოსავალი შეჰქონდეს ოჯახში, მაგრამ თუკი ცოლი ქმარზე თავისი აღმატების დემონსტრირებას დაიწყებს, ამით დაანგრევს ოჯახის საფუძვლებს, იმიტომ, რომ პირველ ადგილზე ყოველთვის ქმარი უნდა იყოს. ასეთია საღმრთო სწავლება და ასეთია მამაკაცის ფსიქოლოგია. ქალისათვის გაცილებით ადვილია დამორჩილება და მეორე ადგილზე ყოფნა. თუკი აქ როლები შეიცვლება, მაშინ სიტუაცია შეიძლება ისეთი არანორმალური ამბით დასრულდეს, როგორიცაა ღალატი.  შეგახსენებთ ერთი პატარა ცნობილი ზღაპრის სიუჟეტს, რომელიც ასე იწოდება: "რაც არ უნდა ქმნას ქმარუკამ, ყველაფერი კარგია": ქმარი თვითნაბად ოქროს პოულობს და მით ცხენს ყიდულობს, მერე ძროხაზე გადასცვლის მას, ძროხას _ ცხვარზე, ცხვარს - მამალზე, მამმალს _ ერთ კვერცხზე, კვერცხს _ ნემსზე, ნემსს კი კარგავს. და, აი, დამწუხრებული ზის იგი სამიკიტნოში და თავის ამბავს ჰყვება. მას დასცინისნ: "ჰოდა, მიხვალ სახლში, და ცოლი ერთ ამბავს აგიტეხავს!" ქმარი კი პასუხობს: "არაფერსაც არ ამიტეხავს! თუ გინდათ სანაძლეუ დავდოთ". და, აი, მიდის სახლში და უყვება ცოლს, რაც შეემთხვა. ცოლი კი ყველაფერზე აყოლებს: "რა ყოჩაღი მყავხარ! რა კარგად მოიფიქრე!" ხოლო როცა ის იმასაც ამბობს, რომ ნემსი დაკარგა, ცოლი პასუხობს: "არა უშავს, ქმარუკამ რაც არ უნდა გააკეთოს, ყველაფერი კარგია!" დანაძლავებულები იძულებულნი არიან ნაძლევი მისცენ, და მეუღლენიც დაჯილდოებულნი არიან ერთურთისადმი ასეთი ნაზი დამოკიდებულებისათვის. ადამიანებს რაღაც აბსტრაქტული "წახდენა" კი არ განჰყოფს, არამედ _ კონკრეტული ცოდვა, ანუ გაცნობიერებული თუ გაუცნობიერებელი საქციელები, სიტყვები (და თვით აზრებიც კი!), ნებსითნი თუ უნებლიეთნი, რომლებითაც ჩვენ ცხოვრების განმავლობაში მტკივნეულად მოვსწყლავთ ჩვენს ახლობელ ადამიანებს. ცოლსაც, თავისი საყვედურებით, თუნდაც სამართლიანით, შეუძლია თავისდა შეუმჩნევლად კუთხეში მიიმწყვდიოს ქმარი, რომლიდანაც მას არ შეეძლება ღირსეული გამოსავლის პოვნა. ქრისტიანული მიდგომა მსგავსი არანორმალური სიტუაციების გადაწყვეტაში ერთი შეხედვით პარადოქსულია. თითქოსდა ცხადია: სიტუაციის შესაცვლელად საჭიროა შეიცვალოს ის, ვინც ეს სიტუაცია შეჰქმნა. მაგრამ ეს შეუძლებელია: ქმარი ხომ თვლის, სწორად მოვიქეციო, და სულაც არ აპირებს შეცვლას! სიტუაცია არანორმალურია, მასთან შერიგება არ შეიძლება, იგი უნდა შეიცვალოს, მაგრამ პარადოქსი სწორედ იმაში მდგომარეობს, რომ შეცვლა ჩვენ მხოლოდ საკუთარი თავისა შეგვიძლია. აუცილებელია ვაღიაროთ, რომ ჩვენი ყველა უბედურების, მწუხარებისა და ცხოვრებისეული ტრაგედიის სათავე არის ჩვენს საკუთარი, პირადი ცოდვა. უფალი გვეუბნება: "რაისა ჰხედავ წუელსა თვალსა შინა ძმისა შენისასა, და დვირესა თვალსა შინა შენსა არა განიცდი? ანუ ვითარ ჰრქუა ძმასა შენსა: მაცადე და აღმოგიღო წუელი თვალისაგან შენისა, და აჰა ეგერა დვირე თვალსა შინა შენსა! ორგულო! აღმოირე პირველად დვირე თვალისაგან შენისა, და მაშინ იხილო აღმოღებად წუელი თვალისაგან ძმისა შენისა" (მათე 7, 3 _ 5). და თუმცა მსგავს შემთხვევებში მოყვასის თვალშიც ასევე "დვირეა", მაგრამ შენ მაინც ვერაფრის გაკეთებას შესძლებ, თუკი ღრმად, გულწრფელად არ შეინანებ ღმერთის წინაშე საკუთარ ცოდვებს. სინანული საკმაო დროს, სერიოზულ ძალისხმევას, სიმტკიცეს, განუხრელობასა და მოთმინებას მოითხოვს. უნდა გვესმოდეს, რომ როგორი მძიმეც არ უნდა იყოს ჩვენთვის, უნდა მხნედ მოვითმინოთ, ვილოცოთ, ღმერთს ვევედროთ და მის ყოვლადძლიერებასა და მოწყალებას ვსასოებდეთ. მამაკაცი მოწოდებულია იყოს მებრძოლი მხედარი, დამცველი და იარაღით ხელში ვაჟკაცურად ებრძოდეს მტერს. ქალს კი უფალმა მოანიჭა ზნეობრივი ძალები იმისთვის, რომ მოთმინებით გადაიტანოს ყველა დარტყმა, მხნედ და უშიშრად, ძლევამოსილ დასასრულამდე იბრძოლოს თავისი ოჯახისათვის. მართლაც, თუ ადამიანი უღმერთოდ ცხოვრობს, იგი შეზღუდულია: თავის შესაძლებლობებს ვერ გადაამეტებს. უფალი კი _ საკვირველმოქმედია. იგი იმდენად თავისუფლად და შემოქმედებითად აღასრულებს სასწაულებს, რომ ადამიანი ამას აზრითაც ვერ წარმოიდგენს. აი, ამის ნათელი მაგალითი: მეორე მსოფლიო ომია. მიმდინარეობს საჰაერო ორთაბრძოლა, თვითმფრინავს ჭურვი მოხვდა. მფრინავი გაჭირვებით დააღწევს თავს მწაზე ჩამოსავარდნად განწირულ თვითმფრინავს, ხტება, რგოლს გამოჰგლეჯს, პარაშუტიო იშლება და თითქოსდა ყველაფერი კარგადაა. მაგრამ მიწას მოახლოებული მფრინავი ხედავს, რომ ჭაობში ეშვება. კაცი უშიშარია, აუღელვებელია, ბევრჯერ მდგარა პირისპირ სიკვდილთან, და მას ესმის, რომ გადარჩენის იმედი არ უნდა ჰქონდეს. მართლაც, ვარდება ჭაობში, იძირება და გონებას კარგავს, მეგრამ მერე გონს მოდის და ხედავს, რომ მყარ მიწაზე წევს. თურმე, როცა ის ჭაობის ჭონჭყოში იძირებოდა, ძლიერმა ქარმა დაჰბერა, პარაშუტის გუმბათი ჰაერმა გაავსო და ჭაობიდან გამოათრია მფრინავი. სასწაულია? _ დიახ, სასწაულია. შეეძლო ადამიანს დამოუკიდებლად, თავისი ძალისხმევით გადარჩენილიყო? არა, მაგრამ უფალი შეეწია მას. სწორედ უფალი იხსნის ხოლმე ადამიანის თვალსაზრისით სრულიად გამოუვალ მდგომარეობაში ჩავარდნილთ. ამიტომაც ასე მნიშვნელოვანია ტაძარში მისვლა, ეკლესიური ცხოვრება. ეკლესიაში იმაზე კი არ ლაპარაკობენ, თუ რა შეუძლია ადამიანს, არამედ იმაზე, თუ რა არ შეუძლია მას. და რაც შეუძლებელია ადამიანისათვის, შესაძლებელია ღმერთისათვის. როგორ დავძლიოთ კონფლიქტები? ოჯახს ურთიერთობათა წრე უნდა ჰქონდეს, ჰყავდეს საერთო მეგობრები, ცხოვრობდეს მდიდარი კულტურული ცხოვრებით. რა თქმა უნდა, მართლმადიდებელი მეუღლეებისათვის ცხოვრების გულისგული ტაძარი უნდა იყოს. და სწორედ ეკლესიის მეშვეობითა და დახმარებით უნდა იქნას დაძლეული ყველა გარდუვალი კონფლიქტი. მსურს შეგახსენოთ ერთი ხალხური სიბრძნე: "ცეცხლი თუ მიუშვი, ვეღარ დააქრობ!". ყველა კონფლიქტის მოგვარება მაშინ უნდა ვცადოთ, როცა ისინი მხოლოდ იწყებენ ჩასახვას. კონფლიქტები შეიძლება უმნიშვნელო იყოს, მაგრამ არ შეიძლება მათთან განუსჯელი, მსუბუქი დამოკიდებულება, იმიტომ, რომ ცოდვა ზოგჯერ თავისი "ხარისხით" (სიმძიმით) კი არ მძლავრობს ჩვენზე, არამედ თავის რაოდენობით. თუკი რომელიმე ცოდვებს ჩვენ ყოველდღიურად ვიმეორებთ, და ასე გრძელდება წლიდან წლამდე, ეს შეიძლება შეუმჩნევლად გვინგრევდეს ოჯახს. მეუღლეებში გროვდება ურთიერთდაუკმაყოფილებლობის გრძნობა, ერთმანეთის ვერგაგება, ურთიერთშენდობის, ურთიერთდათმობის სურვილის არქონა. მოვიყვან მაგალითს: ქმარი ნასვამი მოვიდა სახლში, რითაც ცოლის გაღიზიანება გამოიწვია. ეს რომ მხოლოდ ერთეული შემთხვევა ყოფილიყო, საშიში არ იქნებოდა. მაგრამ თუ ეს რეგულარულად ხდება, ცოდვა "გროვდება". შეიძლება შედარებაც შევარჩიოთ: თოვლის ერთი ფიფქი თითქმის არაფერს იწონის, მაგრამ როცა ბევრი ცვივა და ქარსაც მოაქვს, მთელი ნამქერები დგება და გზებს კეტავს, რის გამოც ავარიები ხდება, მთებში თოვლის ზვავები წვება, თავის ქვეშ მთელს დასახლებებს რომ მოიყოლებენ ხოლმე. უმნიშვნელო მიზეზით ხშირად სერიოზული მოვლენები ხდება, რომელთაც შეიძლება გამოუსწორებელი შედეგები გამოიწვიონ. მცირედ შევეხოთ მრისხანების თემას. როგორც მოციქული პავლე ამბობს: "გული გიწყრებოდენ, და ნუ სცოდავთ: მზე ნუ დავალნ განრისხებასა თქვენსა" (ეფეს. 4, 26). ანე, მრისხანების გრძნობა დასაშვებია, მაგრამ არ შეიძლება, რომ არ შეიძლება, რომ განრისხებისას ამცირებდე ადამიანს, შეურაცხჰყოფდე მას,, უხეშად ექცეოდე. მაცხოვარი ამბობდა: "ყოველი, რომელი გინდეს თქვენ, რაითა გიყონ კაცთა, ეგრეცა თქვენ ყავთ მათა მიმართ, რამეთუ ესრეთ არს სჯული და წინაისწარმეტყველნი" (მათე 7, 12). საჭიროა ფიქრი საკუთარი საქციელის შედეგებზეც. საღმრთო წერილის ზემოთ მოყვანილი სიტყვები _ "მზე ნუ დავალნ განრისხებასა თქვენსა" _ შეიძლება ორგვარად გავიგოთ. პირველი გაგებაა: მზის ჩასვლამდე შერიგდით ხოლმე. ხოლო მეორე: თქვენი სიყვარულის, თქვენი სითბოს, მეგობრობის, სინაზის მზე, დაე, ნუ ჩავა თქვენი განრისხებისას, ანე, დაე, ნუ დაბნელდებიან თქვენი რისხვისაგან ის გრძნობები, რომლებიც ერთურთის მიმართ გაქვთ. რაღაც თუ მოხდა კიდეც, აუცილებელია სასწრაფოდ შერიგდეთ და აპატიოთ ერთმანეთს ყველა წყენა. აუცილებელია თანაუგრძნოთ ერთმანეთს და არ დაუშვათ ღრმა გაყოფა, განცალკევება ერთმანეთისაგან, რადგან ეს შეიძლება გადაულახავ უფსკრულად გადაგექცეთ. რაც შეეხება ერთმანეთისადმი მიყენებული წყენის პატიების აუცილებლობას, ამაზე ერთი ცნობილი შემთხვევის მოყვანა შეიძლება: ორი მოსაგრე ბერი მეგობრობდა ერთმანეთთან, მერე წაიჩხუბნენ. და თუმცა ერთ-ერთმა მათგანმა შენდობის თხოვნა დაიწყო და შერიგებას ეძიებდა, მეორეს არ უნდოდა შეენდო. ისიმი ქრიატიანთა დევნულების დროს ცხოვრობდნენ, შეპყრობილ იქნენ და სატანჯველნი დაითმინეს, მაგრამ არ უარყვეს ქრისტე. და აი, როცა ჯიუტი ბერი სიკვდილით დასასჯელად წაიყვანეს, მეორემ კვლავ დაუწყო თხოვნა _ შემირიგდიო. იმან კი სიკვდილის წინაც უთხრა, რომ არ შეუნდობს. და ანაზდად, ღმერთის მადლმა მიატოვა იგი სიჯიუტისათვის, მხნეობა განუქარდა და ბერმა უარყო ქრისტე. მან ყველა მძიმე სატანჯველნი დაითმინა, მისთვის გამზადებული იყო მოწამეობის გვირგვინი და საუკუნო ნეტარი ცხოვრება ღმერთთან, მაგრამ თავისი შეურიგებლობისათვის იგი ყოველივე ამას მოაკლდა! აი, რა საშიშია ერთმანეთის წყენის უპატიებლობა, ეს ჩვენ ამ ქვეყნად სასჯელს გვიქადის სიცოცხლის ბოლომდე, ხოლო საუკუნო ცხოვრებაში მარადიულ სატანჯველს მოაწევს ჩვენზე. სიყვჱრული პირვჵლ ყოვლისა თავისუფლებას გულისხმობს. მოყვარული ადამიანი არ შეზღუდავს იმას, ვინც უყვარს. მაგრამ ზოგჯერ აუცილებელია სიმკაცრის გამოჩენა. ხდება ისე, რომ ჩვენ უნდა შევზღუდოთ ადამიანი, რეალუ-რი ზრუნვა გამოვავლინოთ მასზე. ძალადობა კი ეგოისტური წარმოდგენებიდან მომდინარეობს, მისწრაფებიდან _ დაუმტკიცო შენი მოჩვენებითი აღმატება, მისწრაფებიდან _ იცხოვრო ისე, როგორც შენ მოგენებება და ანგარიშს არ უწევდე გარშემომყოფთა აზრს. ძალადობა ძალზე ბევრ ტკივილს აყენებს ადამიანებს. თუმცა ხშირად ძალადობა არასწორი ქცევის შედეგია. მაგალითად, ტიპიური შეცდომაა: ქმარი დაღლილი მოდის სამსახურიდან, ახალგაზრდა ცოლი კი, რომელიც მთელი დღე პატარა შვილებთან ზის სახლში, ჩივილს იწყებს მათზე. და ქმარიც, რომელსაც ისედაც დაძაბული აქვს ნერვები, ბრაზობს, ღიზიანდება და თავისი უარყოფითი ემოციების გადმოღვრას იწყებს. ანდა მას საერთოდ არ სურს სახლში წასვლა, რადგან სასურველი დასვენებისა და შვების ნაცვლად, ახალ დატვირთვას იღებს, რომელთან გამკლავებაც მას აღარ შეუძლია. რუსულ ზღაპრებში უფლისწული ივანი ქაჯთან _ ბაბა-იაღასთან მიდის; ის ეკითხება, რისთვის მოსულხარო. უფლისწული ივანი ეუბნება: შენ მე, ნამგზავრ კაცს, ჯერ წყალი დამალევინე, მაჭამე, მომასვენე და მერე მკითხე, რისთვის მოსულხარო. რა თქმა უნდა, ჩვენ პირდაპირი ანალოგია არ მოგვყავს, მაგრამ როცა ქმარი შინ ბრუნდება, ბავშვები უნდა დააწყნარო, სუფრა გაშლილი უნდა გქონდეს, ვახშამი _ მომზადებული. ქმარი ივახშმებს, ცოტა დაისვენებს, გონს მოვა, და მაშინ უკვე შეიძლება მასთან დალაპარაკება რაღაც პრობლემებზე. სხვაგვარად შენ აპროვოცირებ მას აგრესიისათვის, რომელთან გამკლავებაც მას, დაძაბული დღის შემდეგ ჯერ კიდევ გათანგულს, არ შეუძლია. ცოლსაც შეიძლება გავუგოთ _ ის მთელი დღე ბავშვებსაა გადაყოლილი, ასიც დაღლილია, მაგრამ, არსებითად, ის მართალი არ არის. უკიდურესი შემთხვევაა, და რა თქმა უნდა, სრულიად დაუშვებელია, თუკი ქმარი სცემს ცოლს. ასეთი ურთიერთობები _ უხეში დარღვევაა იმ მოთხოვნებისა, რასაც ქმარს ოჯახური ცხოვრება უყენებს. არც ერთ შემთხვევაში ქმარი ვერ უნდა ბედავდეს საკუთარი ცოლის ცემას. მაგრამ ყოველივე მცირედიდან იწყება. როცა ისინი ჯერ კიდევ სასიძო და სარძლო იყვნენ, ის ხომ არ სცემდა მას? ხოლო თუ სცემდა, მაშინ რატომ გაჰყვა ასეთს ცოლად? უნდა მხედველობაში უნდა გვქონდეს ის, რომ მსხვერპლი ხშირად თავად ახდენს აგრესიის პროვოცირებას საკუთარი თავისადმი. ქცევაში დაშვებული იქნა შეცდომა. თუ რომელი, ამაში გარკვევაა საჭირო. მაგრამ ასეთი სიტუაცია შეიძლება ყოველგვარი პროვოკაციის გარეშეც წარმოიქმნას. მაგალითად, ქმარი სახლში მთვრალი დაბრუნდა და ცოლს სცემა. აქ უკვე იმაზეა საუბარი, თუ რამდენად ძლიერი ადამიანია ცოლი და შესძლებს თუ არა იგი გაუძლოს ასეთ განსაცდელს. თუ ეს აღემატება მის ძალებს, მაშასადამე, საჭიროა გაყრა. თუკი ქმარი აბუჩად იგდებს ცოლს, არ სურს შეიცვალოს და არაფერი ესმის, რა თქმა უნდა, ამას შეიძლება და უნდა დაედოს კიდეც ბოლო მაგრამ თუ ცოლი ხედავს, რომ ყველაფრის გამოსწორება ჯერ კიდევ შეიძლება და რომ თავად მასაც ეყოფა ძალები რაღაცით გარდაიქმნას, გააცნობიეროს თავისი შეცდომები. უნდა განხილულ იქნას თითოეული კონკრეტული შემთხვევა. არ უნდა დავივიწყოთ, რომ ღმერთთან ერთად ყოველივე შესაძლებელია. უფალი არის მფარველი ქვრივ-ობოლთა და ღარიბ-გლახაკთა. უფალ ღმერთს არა ნებავს, რომ ქმარი წყენას აყენებდეს ცოლს. ჰოდა, ამიტომ აუცილებელია ეცადო ბოლომდე მოითმინო. ეს საზომი ყველას თავისი აქვს. იმდენის დათმენა, რისი მოთმენაც ერთს შეუძლია, სხვას არ ძალუძს. ბევრი რამ არის დამოკიდებული ადამიანის რწმენაზე და ლოცვაზე მის მიზანდასახულობაზე, გულმოდგინებასა და სიმტკიცეზე.                         წყარო: მართლმადიდებლობა და მსოფლიო.                                                                                                                         Ег თარგმნა ვასილ ბურკაძე         Прикрепленные файлы: 1
კატეგორია: სიახლენი | დაამატა: paterzaqaria
ნანახია: 2550 | რამოტვირთვები: 0 | რეიტინგი: 5.0/4
სულ კომენტარები: 0
კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]

ახალი ამბები (НОВОСТИ)

ჰოსტერი uCoz