მე ვარ მწყემსი კეთილი და მწყემსმან კეთილმან სული თვისი დასდვის ცხოვართათვის

ალმანახი

გრდემლი

ანტიეკუმენისტური და ანტიმოდერნისტული ელექტრონული გამოცემა

საიტის მენიუ


სექციის კატეგორიები

ბიბლიოთეკა [97] სიახლენი [24]



ИВЕРИЯ С ОРУЖИЕМ ПРАВДЫ В ПРАВОЙ И ЛЕВОЙ РУКЕ_

Владимирова Елена, Польша (редактор сайта «Защитник Православия»)


გადმოწერა

 

» შესვლის ფორმა

სულ ონლაინში: 1
სტუმარი: 1
მომხმარებელი: 0
mail.


contact us :

zaqaria8@mail.ru

მთავარი » ფაილები » სიახლენი

სქიიღუმენი საბა
20.01.2012, 17:17

რჩევები და დარიგებანი 

გაუფრთხილდით ღვთის დიდ ნიჭს– სინდისს. ის  ჩვენ ზეცასთან გვაერთებს.იგი ჩვენს სუსტ, ცოდვილ ნებას უმორჩილებს ღვთის ძლევამოსილ ნებას. სინდისი–ეს არის ღვთის ხმა ადამიანის გულში, ხმა მფარველი ანგელოზისა.გულმოდგინედ დავიცვათ ჩვენი სინდისი ყოველივე ცუდი საქმისაგან, სხვა შემთხვევაში შეიძლება ჩავახშოთ, ჩავფერფლოთ და დავკარგოთ იგი. როდესაც ადამიანებს არ ესმით ღვთის ხმა თავიანთ გულში, როცა სინდისი დუმს, მაშინ მათ აღარ ეშინიათ ცოდვების. სწორედ ასეთებს უწოდებენ უსინდისოებს. ესე იგი მათ სინდისი უკვე დაკარგეს.

                                   ყველა ადამიანში არის ღვთის ნაპერწკალი. ნუ ჩავაქრობთ მას მიწიერი ვნებებით: ,,მხიარული" ცხოვრების ჟინით,სიამეთა აყოლით.გულისთქმათა დანაყრებით.  როგორც ნაყვავილარი სახეა დაუშნოებული, ასე აუშნოებს ნაყროვანება სულის სილამაზეს. ადამიანი კი რჩება ცარიელი სულით, სულ უფრო უმყარდება თავისი მანკიერებანი და მისი ცხოვრება მარტოოდენ მოხვეჭათა დევნას ემსგავსება. ადამიანი ტოვებს სიკეთის მსახურებისა და ღვთის სიმართლის გზას და მიდის ცოდვის გზაზე.

რწმენაა სულის ცხონების საფუძველი. ის იგივეა ჩვენი ცხონების საქმეში, რაც შენობისთვის–საძირკველი. თუ გამოთხრილია საძირკველი, შენობაც ინგრევა. სადაც არ არის რწმენა, იქ თავაწყვეტილი ვნებებია, რომლებიც ბოროტების უფსკრულში ითრევს ადამიანს. რწმენა ამქვეყნიური ცხოვრების უდიდესი სიკეთეა. იგი ადამიანს ღმერთთან აერთებს. ძლიერი რწმენით ადამიანს ყველაფერი შეუძლია. იწამეთ ღმერთი, ილოცეთ, აკეთეთ კეთილი საქმეები! ეს სამი ფრთა ღვთის ტახტთან აგიყვანთ.

ლოცვაზე უფრო მნიშვნელოვანი საქმე არაფერია ამქვეყნად. ლოცვისაგან იბადება დანარჩენი სათნოებანი. წმიდა მამებს კანონად ჰქონდათ საკუთარი თავისათვის დაეძალებინათ ლოცვა, ელოცათ ყველგან: სახლში, ეკლესიაში, საქმის კეთებისას, სეირნობისას და სხვა ნებისმიერ დროს.ღმერთთან საუბარი მარტივია, ისეთივე უბრალო, როგორც შვილის საუბარი მამასთან. არ არის საჭირო ლოცვისას სიბრძნისმეტყველება. გეშინოდეს მისი წმინდა სახელის წარმოთქმა გონებისა და გულის გარეშე. ვინც გონებაგაფანტული დგას ღვთის წინაშე, დაუდევრად ლოცულობს, ის მხოლოდ შეურაცხყოფს უფალს და მისგან მადლს კი არა,სასჯელს მიიღებს. და პირიქით, ვინც ჭეშმარიტი რწმენით ცოტათი მაინც ილოცებს უფლისადმი, სული ენითაუწერელი  სიხარულით ეღევსება.

ლოცვა სულის მხიარულებაა!  თუ ვერ ასწრებ ლოცვას, დაიჩოქე და თქვი: უფალო, შეიწირე ჩემი სწრაფვა შენდამი, ვითარცა სადიდებელი და სამადლობელი შენ წინაშე და შეისმინე ჩემი, უღირსისა. ამ დროს მძაფრად უნდა გრძნობდე, რომ ბოლომდე ანდობ საკუთარ თავს უფალს. მხურვალე ლოცვისას მართალია დგახარ ცოდვილი და დასჯილი, მაგრამ ლოცვის დასრულებისას წახვალ შეწყალებული და გამართლებული. ლოცვას ადამიანი მიწიდან ზეცაში აჰყავს.

კარგად იქცევიან ისინი,ვინც იესოს ლოცვას სუნთქვას აყოლებენ.ეს იესოს სახელით სუნთქვას ნიშნავს. ასეთი ლოცვა ადამიანის გულს ანათლებს, ღვთისნიერს ხდის,  უფალი თითქოს ბეჭედს ასვამს მას, რომ  ვეღარ მიეკარონ ბოროტი სულები. როცა ლოცვა სუნთქვასავითაა, მაშინ ვეღარ შეგვაძრწუნებს სატანა, რადგან ჩვენ ღვთის მადლი გვიფარავს. ასეთი ადამიანები გრძნობენ, რომ უფალი მუდამ მათთანაა, მფარველობს, იცავს მტრისაგან. მადლი იმდენად გარდაქმნის გულს, რომ ადამიანი ვნებებზე, ყოველივე მიწიერზე მაღლა დგება. ასეთი სული მიწაზე აღარაფერს უყურებს, ის მთლიანად მინდობილია ღმერთს, რადგანაც ღვთის მადლს მოაქვს ისეთი სიტკბო, სიხარული, რომ სულს ყველაფერი მიწიერი ავიწყდება.

თუ აუცილებლობა მოითხოვს, შეიძლება, შევამციროთ ჩვენი მარხვა და ლოცვა. სიმდაბლით ვემსახუროთ მოყვასს–ეს უფრო მეტია, ვიდრე საკუთარ შესაძლებლობებზე აღმატებული ლოცვის წესი და ტაძარში სიარული. უფალი ამას არ ითხოვს.

ლოცვისას იფიქრე, რომ ლოცვას კითხულობ თვით ღმერთის, ყოვლადწმიდა ღვთისმშობლის, წმიდანების წინაშე, რომლებიც უხილავად დგანან შენ წინ. ზოგნი იტყვიან, რომ უღირსნი არიან ღვთის წინაშე დგომისა, მაგრამ ამან არ უნდა დაგვაბრკოლოს, უნდა გვწამდეს, რომ უფალი მადლს ჩვენი ღირსების გამო კი არ გვაძლევს, არამედ  თავისი განსაკუთრებული მოწყალებისა და უკიდურესი შემწყნარებლობის გამო. ჩვენ ჩვენი საქმეები კი არ გვაცხოვნებს, არამედ–ღვთის მოწყალება. შეუვრდით ყოვლადმოწყალე უფალ იესო ქრისტეს და მტკიცედ სასოებდით მისდამი. ხოლო სასოებამან არა არცხვინის მუშაკნი ღვთისანი,რომელნი მას შიშით მსახურებენ.

ნურასოდეს  იჩქარებთ ლოცვისას. ნაჩქარევი ლოცვა სწყინს უფალს. ყოველი წმინდა სიტყვა უდიდესი შემოქმედებითი ძალაა. ლოცვის თითოეული სიტყვა ღმერთთან გვაახლოვებს. მიეჩვიეთ ლოცვას, განსაკუთრებით მუდმივ ლოცვას. ზოგიერთები სხვებს სთხოვენ, ილოცონ მამამისისთვის, დისთვის, ძმისთვის, თავად კი არ ლოცულობენ,(არც კი ცდილობენ.) ყველაფერს მოძღვარს აკისრებენ. საჭიროა, ჩვენ თვითონაც ვილოცოთ. იცით რა მძიმეა მოძღვრისთვის? ის ხომ  იმ ადამიანთა (რომელთათვისაც ლოცულობს) ცოდვების ნაწილს საკუთარ თავზე იღებს.

გაუფრთხილდით თქვენს გულს, რათა დაიცვათ ის წმინდად. შემოზღუდეთ იგი მუდმივი ლოცვით. იმიტომ რომ,ზოგიერთი ადამიანის გული ზარმაცი პატრონის შემოღობილ ბაღს ჰგავს, სადაც ნებისმიერ საქონელს შეუძლია გადავიდეს და გაანადგუროს მთელი ნარგავები... მტკიცე რწმენით, მუდმივი ლოცვით სული ღებულობს სულიწმიდას და ხდება სულიწმიდის მადლის ჭურჭელი. ასეთი უბიწო სული ადვილად ასრულებს ღვთის მცნებებს, რადგანაც ბრძანებს ღვთის სიტყვა: ,,დაადგერით თქუენ ჩემ თანა, და მე თქუენ თანა: ვითარცა იგი ნასხლევსა ვერ ხელ–ეწიფების ნაყოფისა გამოღებად თავით თვისით, უკუეთუ არა ეგოს ვენახსა ზედა, ეგრეთვე არცა თქუენ, უკუეთუ არა დაადგრეთ ჩემ თანა".

ასე რომ, ვაიძულოთ ჩვენი თავი, ვიყოთ ღმერთთან, რადგანაც სასუფეველი ღვთისა იიძულების და ძალისხმევის გარეშე მას ვერასოდეს ვერავინ ვერ მიიღებს. ეს საიმედო პირობაა მარადიული ნეტარების მისაღებად და  იგი თუ არ შესრულდება, სული არ გამოდგება ცათა სასუფევლისათვის. მას არ ექნება უნარი განისვენოს ღმერთთან მარადისობაში, შეუერთდეს წმინდანთა ნეტარებას, თუკი აქ, ამქვეყნად არ მიეჩვევა ღმერთთან მყოფობას.

ყოველი საქმის დაწყებისას იხელმძღვანელეთ შემდეგი ქრისტიანული წესით: განსაჯეთ,ეს საქმე  ღვთის საწინააღმდეგოა, თუ არა, მოყვასს ხომ არაფერს ავნებს? თუ მკაცრად გამოიძიებთ და ნახავთ, რომ სინდისი სუფთა გაქვთ, თქვენი განზრახვა აღასრულეთ. მუდამ მიენდეთ ღვთის ნებას, ნუ შეეწინააღმდეგებით, მიაყურადეთ და მიჰყევით მას. ყოველთვის ზომიერება დაიცავით. უკიდურესობა არასდროს მოსაწონი არ არის. მხოლოდ ნუ შეანელებთ ცხონების საქმეს. ნუ გადადებთ სინანულს. ნურასდროს დაელოდებით სიყვარულს სიყვარულის წილ, თავმდაბლობის გამო–ქებას,მოყვასის მსახურებისათვის–მადლობას. ეცადეთ დარჩეთ მიწიერი საფასურის გარეშე, რათა არ დაკარგოთ ზეციური სასყიდელი.

სულიერი სიხარულისა და გულის სითბოს მიღების შემდეგ მზად უნდა ვიყოთ მტრის საცდურებთან გასამკლავებლად. უფალი გვიგზავნის ესოდენ ტკბილ წუთებს გულის სწრაფვისა მისდამი, რათა ამ ურთიერთობის სიტკბოთი გააჩეროს სული თავისთან. საცდურების ჟამს საჭიროა, მთელი ძალები მოვიკრიბოთ და ვთხოვოთ უფალს შემწეობა, რათა დავამარცხოთ ცოდვა, უარი ვთქვათ მასზე, ვაჩვენოთ, რომ ჩვენ ნამდვილად გვიყვარს ღმერთი, მხოლოდ სიტყვებით კი არა, საქმით. ცოდვაზე გამარჯვების სანაცვლოდ კი უფალი ასეთ წყალობას გვიგზავნის! ცოდვასთან ბრძოლა მოწამეობად გვეთვლება.

დრო ცოტაა, საჭიროა, მას მოვუფრთხილდეთ. ყოველდღე, თითოეულ წუთს მარადისობისათვის უნდა ვიღვაწოთ. დაკარგულ დროს ვერაფრით ავინაზღაურებთ! ,,დროის დაკარგვა ყველაზე დიდი დანაკარგია დანაკარგთა შორის."–ბრძანებენ წმიდა მამები. თუ ადამიანი ფუჭად კარგავს იმ უძვირფასეს დროს, რომელიც შეეძლო თავისი სულისა და მოყვასის ცხონებისათვის გამოეყენებინა, ესე იგი ის კარგავს მილიონებზე მეტს, რადგანაც ვერანაირი ნივთიერი ძვირფასეულობით სულს ჯოჯოხეთიდან ვერ გამოისყიდი. სული ჯოჯოხეთს ასცდება სიკეთით სავსე ცხოვრებით, როცა ადამიანი ყოველ საათს, თითოეულ წუთს იყენებს ლოცვისათვის, კეთილი საქმეებისათვის, სიყვარულის, იმედის, რწმენის გასაძლიერებლად, სათნოებათა მოსახვეჭად.

სასოწარკვეთილებას რომ არ მივეცეთ, მუდამ მზად უნდა ვიყოთ განსაცდელებისათვის. უფლისათვის დრტვინვა სათნო არ არის. უნდა ვისწავლოთ სიხარული განსაცდელის ჟამს. განსაცდელები კარია ცათა სასუფეველში შემავალი! ისევე როგორც დღე იცვლება ღამით, ასევე ჩვენს ცხოვრებაშიც ერთმანეთს ენაცვლება მწუხარება და სიხარული. აკი არასდროს არ არის მუდამ სიხარული და მუდამ წუხილი! განისვენე სიხარულის ჟამს,სანამ არ არის დარდი და მჭმუნვარება. შემდეგ ნუ შეძრწუნდები, ელოდე განსაცდელს და დაითმინე ის სულგრძელად. რაც მეტს გადაიტან, მით მეტი მოგეცემა იმქვეყნად. ხშირად ჩვენ თვითონ ვითხოვთ განსაცდელებს, მაგრამ უმჯობესია, უბრალო გულით მივენდოთ ღვთის ნებას, რადგანაც ღვთისაგან გამოთხოვილი ჯვარი ძნელი სატარებელია. უფრო ხშირად უფალი განსაცდელებს ჩვენი ცოდვების გამო გვიგზავნის და მაშინვე იწყალებს მონანულ სულს. განსაცდელთა საშუალებით უფალი ზრდის ადამიანს მარადიული სიცოცხლისათვის. განსაცდელებითა და სიძნელეებით მოიპოვება ღვთის წყალობა, კურთხევა და მადლი. ღვთის მადლი ვერ დამკვიდრდება იქ, სადაც არის უზრუნველობა, განკითხვა, ფუჭსიტყვაობა, სიზარმაცე, მტრობა, შური, ძვირისმეტყველება და სხვა ჩვენი ჩვეულებრივი სისუსტეები.

ნაკლოვანებები გამოასწორეთ; დაუკვირდით, რაში გადანაშაულებენ თქვენ გარშემომყოფნი, რა ვნებებს ხედავენ ისინი თქვენს გულში, რადგანაც შინაურობაში ვნებები თავისუფლად ჩანს და ახლობლებმა ისინი კარგად იციან. სახლის გარეთ, მათთან, ვინც ჩვენ კარგად არ გვიცნობს, ხომ  ვმალავთ საკუთარ თავს! შეხედეთ თქვენს თავს გარედან, ცივად, გამოსცადეთ იგი. შესაძლოა, სინამდვილეში ჩვენ მძიმე ხასიათი გვაქვს, შეიძლება უხეშად და მკაცრად ვექცევით ჩვენს ახლობლებს; იქნებ უსამართლოებიც ვართ. შეეცადეთ იყოთ მშვიდნი, გაწონასწორებულნი, ყველაფერს ნუ იტყვით–ზოგი რამ მდუმარეთ გადაიტანეთ. როცა გრძნობთ, რომ თქვენი მხილება ხანძარს გამოიწვევს, მაშინ მოყვასის საქციელს გულთან ახლოს ნუ მიიტანთ და გაძლიერებულად ილოცეთ მისთვის, რადგანაც სიყვარული ,,ყოველსა ესავნ, ყოველსა მოითმენნ"(1 კორ. 13,7.).

ნუგეშისცემა ადამიანს განსაცდელთა სულგრძელად დათმენის შედეგად ეძლევა. თუ თქვენ ყველას აპატიებთ, აპატიებთ გულწრფელად, ნამდვილად, გეყვარებათ წრფელი სიყვარულით, მაშინ თქვენ თავად ყოველთვის და ყველგან იქნებით ნუგეშისცემულნი. იცხოვრეთ მშვიდობიანად, თანხმობით.

ნუ გეშინიათ განსაცდელების! მათი საშუალებით მოთმინება და თავმდაბლობა ისწავლეთ. მწუხარებათა დათმენით ეღესრულება ჩვენი ცხონება. განსაცდელის ჟამს ვხვდებით, რა ახლოს არის უფალი ჩვენთან, ვრწმუნდებით, რომ ღვთის გარეშე არაფრის კეთება არ შეგვიძლია. საკუთარი უძლურების გაცნობიერება ჩვენში ზრდის სიმდაბლეს, აღძრავს თავმდაბლურ ლოცვას, რომელსაც სულიერი სიმშვიდე მოაქვს. ამ დროს სულში შემოდის ღვთის ძალა, ,,უძლურთა მკურნალი და ღარიბთა აღმავსებელი". განსაცდელთა დათმენით მოიპოვება სულიერი განსჯა, გამოცდილება.

ადამიანისათვის უმთავრესია, შეინარჩუნოს სულის სიმშვიდე, არ გაღიზიანდეს და არ განრისხდეს. თუ გაბრაზდით, მეტად მნიშვნელოვანია, რომ იმ წუთას ხმა არ ამოიღოთ, ან გაეცალოთ იქაურობას. იესოს ლოცვით ან ღვთისმშობლისადმი ლოცვით (,,ღვთისმშობელო ქალწულო, გიხაროდენ") შემუსრეთ თქვენი სიბრაზე და მრისხანება. წაიკითხეთ ამ დროს სახარება, თუ ეს შესაძლებელია.თუნდაც წაკითხულიდან ვერაფერი გაიგოთ, მაინც წაიკითხეთ, რადგანაც თანდათანობით მადლის სხივები სულს გამსჭვალავს. შეამჩნევთ, რომ ამის შემდეგ მალე დაწყნარდებით. მაგრამ თუ აჰყვებით სიბრაზესა და მრისხანებას, მაშინ ნუღა შეგაცბუნებთ წარუმატებლობა, გულის ურჩობა. შეეცადეთ ნელ–ნელა აღმოფხვრათ თქვენი სიფიცხე და უფალს სთხოვეთ შემწეობა.

ყველაფერი გააკეთეთ თქვენი ძალების შესაბამისად, მაშინ არც გაღიზიანდებით და არც გაბრაზდებით, პატივმოყვარეობაც აღარ შეგაწუხებთ. აღარ აღშფოთდებით იმის გამო, რომ ადამიანები თქვენს შრომას არ აფასებენ. ყველაფერი უფლისთვის გააკეთეთ და ნუ ელით ადამიანებისაგან ქებასა და მადლობას. საფასურს ელოდეთ ღვთისაგან და არა კაცთაგან.

სული ქრისტეს სასძლოა. საჭიროა, ვიზრუნოთ მისი სილამაზისათვის, გავამდიდროთ იგი სულიწმიდის ნიჭებით და განვდევნოთ მისგან ბოროტი ვნებები. ვინც გათავისუფლდა ვნებებისაგან, დაე თავს ნუ აიმაღლებს, ნუ იამაყებს, თავი ისევ ცოდვილად ჩათვალოს. ჩვენ ღვთის წყალობით და არა საკუთარი დამსახურებებით ვცხონდებით!

 

 

      

 

 

   

კატეგორია: სიახლენი | დაამატა: paterzaqaria
ნანახია: 1587 | რამოტვირთვები: 0 | რეიტინგი: 5.0/1
სულ კომენტარები: 0
კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]

ახალი ამბები (НОВОСТИ)

ჰოსტერი uCoz