მე ვარ მწყემსი კეთილი და მწყემსმან კეთილმან სული თვისი დასდვის ცხოვართათვის

ალმანახი

გრდემლი

ანტიეკუმენისტური და ანტიმოდერნისტული ელექტრონული გამოცემა

საიტის მენიუ


სექციის კატეგორიები

აუდიო არქივი [26]
ახალი ამბები [60]
საეკლესიო დღესასწაულები ( церковные праздники) [5]
ისტორიის ანალები (страници истории) [7]



ИВЕРИЯ С ОРУЖИЕМ ПРАВДЫ В ПРАВОЙ И ЛЕВОЙ РУКЕ_

Владимирова Елена, Польша (редактор сайта «Защитник Православия»)


გადმოწერა

 

» შესვლის ფორმა

სულ ონლაინში: 1
სტუმარი: 1
მომხმარებელი: 0
mail.


contact us :

zaqaria8@mail.ru

მთავარი » სტატიები » ისტორიის ანალები (страници истории)

დემეტრე მეორე
null       «მომისმინეთ, ჩემი სამეფოს ყოველნო კათალიკოსნო, ეპისკოპოსნო და წარჩინებულნო! როცა მამაჩემი გარდაიცვალა, დავრჩი მცირეწლოვანი ყრმა თათართა მძლავრებაში. მაგრამ ყოვლის მპყრობელმა ღმერთმა, ჩვენმა უფალმა იესო ქრისტემ, ყოვლად წმიდა ღვთისმშობელმა, რომლის ნაწილიც ვართ, და პატიოსანმა ჯვარმა, რომელიც მოგვენიჭა ჩვენ, მეფეებს, დამიცვა და მიმაწევია სრულწლოვანებამდე. მომმადლა მეფობა, მეფობის სკიპტრა და პორფირი. თქვენი თანადგომით წარვმართე მეფობა და აქამდე მშვიდობით ჰგიეს ჩემი სამეფო. ახლა განრისხებული არის ყაენი. მისი ყოველი მთავარი ამოუწყვეტია და მეც მომიწოდებს, მივიდე მასთან. თუ წავალ მთიულეთს, სიმაგრეებში და დავიცავ თავს, მთელი ჩემი სამეფო მის წინაშე დევს და ნახავთ, რამდენი სული ქრისტიანი მოკვდება, ტყვე შეიქმნება, ეკლესიები შეირყვნება, აოხრდება, ხატები და ჯვრები შეიმუსრება. თუ წავალ ყაენთან დანამდვილებით ვიცი, მომკლავს. აწი თქვენ ბრძნულად განსაჯეთ ეს საქმე. მე კი მგონია, მრავალმღელვარე არის ეს საწუთრო, დაუდგრომელი და წარმავალი. ჩვენი დღეები სიზმარივით და აჩრდილივით წავა. ამ სოფლისგან წასვლა ჩვენი ნება არ არის. რა სარგებელს მოიტანს ჩემი ცხოვრება, თუ ჩემთვის მრავალი სული მოკვდება და მე ცოდვით ტვირთმძიმე დავტოვებ ამ სოფელს. ახლა ასე მნებავს _ წავალ ყაენთან და იყოს ღვთის ნება: თუ მომკლავს, ვფიქრობ, რომ ქვეყანა უვნებელი დარჩება».
ვინ იყო ეს კაცი, ვინც ეს სიტყვა წარმოთქვა, როდის, სად და რატომ?
იგი იყო მეფე დემეტრე მეორე.
დემეტრე მეორის მშობლები იყვნენ მეფე დავით ულუ, ძე ლაშა-გიორგისა და დედოფალი გუანცა, ასული რაჭის ერისთავის კახაბერ ბაღუაშისა.
სიტყვა ითქვა 1288 წელს, მაგრამ ზუსტად არ ვიცით რომელ თვეს და რომელ რიცხვში.
მოისმინა იგი სამეფო დარბაზის სხდომამ თბილისში. არ ვიცით ისიც, გარდა აბრაამ კათალიკოსისა, პიროვნულად ვინ ესწრებოდა ამ კრებას. თუმცა ცნობილია, რომ სხდომაში მონაწილეობდნენ გარეჯის სამონასტრო უდაბნოს მღვდელ-მონაზვნები და სამეფოს ყველა მთავარი.
რატომ გახდა ამიერ საქართველოს მეფე იძულებული ეთქვა ეს სიტყვა?
უბედურ დროს არგუნა განგებამ მეფობა დემეტრე მეორეს. საქართველო მონღოლებს ეპყრათ. უკვე დაქცეული იყო ქვეყნის ძლიერება, მიწასთან გასწორებული. მამამისი დავით ულუ მოუსვენარი კაცი იყო. ჟამიდან ჟამზე მონღოლებს აუჯანყდებოდა, ქვეყნის დასახსნელად ბრძოლას გააჩაღებდა. მაგრამ ღონე არ ყოფნიდა საქმე ბოლომდე მიეყვანა. მოდიოდა მონღოლთა დამსჯელი არმია. უმოწყალოდ იძიებდნენ შურს. წვავდნენ და აჩანაგებდნენ ყველაფერს, რაც გზაზე შეხვდებოდა. მიჰყავდათ ტყვეები და მძევლები. დავით ულუ იძულებული ხდებოდა თავზე ნაცარი დაეყარა და პატიება ეთხოვა. შეუნდობდნენ დანაშაულს. დიდი ხანი არ გაივლიდა, სულს მოითქვამდა ქვეყანა და ისევ დაავლებდა ულუ დავითი ხმალს ხელს. ისევ დაჰქროდა მთებსა და ველებში, მუსრავდა მონღოლებს. ისევ დაიძვრებოდა ყარაყუმიდან მონღოლთა უზარმაზარი ლაშქარი და კიდევ ერთხელ გადათქერავდა საქართველოს.
დავით ულუში დუღდა და ვერ ისვენებდა გლეხისა და არისტოკრატის სისხლი. დედამისი ველისციხელი გლეხის ქალი იყო, ხოლო მამამისი _ დიდი თამარის ძე ლაშა-გიორგი. ძვირად უჯდებოდა ულუ დავითის შეუპოვრობა მასაც პირადად და მთელ ქვეყანასაც.
სრულიად უსუარი იყო დემეტრე, როცა მძევლად წაიყვანეს მონღოლებმა დედოფალი გუანცა და იგი. უფლისწულის მოკვლა ეწადათ მონღოლებს, მაგრამ შემთხვევას გადაურჩენია დემეტრე. ერთერთი ნოინის ცოლს მოსწონებია ბალღი. უშვილო ყოფილა ის ქალი. უნდოდა შვილად აეყვანა დემეტრე. ამ ქალს შეუფარებია ქართველი დედოფალიცა და უფლისწულიც. მერე ნოინის ცოლს ღვიძლი შვილიც შესძენია, მაგრამ ზრუნვა არ მოუკლია გუანცასა და დემეტრესათვის.
შეირიგეს მონღოლებმა დავით ულუ. დაბრუნდნენ საქართველოში გუანცა და დემეტრე.
გამოხდა ხანი. გაუგონარი ამბავი მოხდა. მეორედ მონღოლეთში ყოფნისას მოჰკლეს დედოფალი გუანცა. ზუსტად არავინ უწყის _ რატომ. ხმები ყოფილა გავრცელებული: ღვიძლმა ქალიშვილმა ხუნშაგმა მოაკვლევინაო. ხუნშაგი მონღოლეთს იყო გათხოვილი. მისი ქმარი საჰიბდივანი ანუ ვაზირი იყო.
დარჩე დემეტრე დედით ობოლი.
დაავადდა მიწყივ ლაშქრად მყოფი დავით ულუც. მუცლის სნეულება შეეყარა. დაუოკებელი ბუნების კაცი იწვა სარეცელზე უსიტყვოდ, ვით მკვდარიო, გვაუწყებს ჟამთააღმწერელი. დასნეულებულ მეფეს უფროსი შვილი გიორგი მოუკვდა. ვეღარ გაუძლო სენსა და მწუხარებას ულუ დავითმა და მიიცვალა.
მაშინ დემეტრე 11-12 წლის ბიჭი იყო.
დასვეს ნინველი დემეტრე ტახტზე და მეურვედ, მზრუნველად სადუნ მანკაბერდელი დაუნიშნეს მონღოლებმა.
არავინ უწყის სადაური იყო სადუნი _ ქართველი, სომეხი, სპარსი თუ მონღოლი. ეს კია, ჩინებულად მეტყველებდა ოთხივე ენაზე. ყველგან შინაური და საჭირო კაცი იყო. ჭკვიანი და გაქნილი ყველასთან სწრაფად პოულობდა საერთო ენას. უბირი წარმომავლობის კაცი სამეფოს უმდიდრესი მოქალაქე შეიქმნა. უფლებაც განუსაზღვრელი ჰქონდა. ბოლოს მეფის მზრუნველი გახდა.
სადუნი ფრთხილი კაცი იყო. დემეტრე _ მცირეწლოვანი. ორივე ერიდებოდა მონღოლებთან ურთიერთობის გამწვავებას. ქვეყანა მშვიდდებოდა და ღონიერდებოდა. ყმაწვილი მეფეც ვაჟკაცდებოდა. მემატიანე კეთილი და ტკბილი სიტყვით გვიხატავს მას.
«იყო ესე დიმიტრი ტანითა ახოვან, ფერითა ჰაეროვან, შესახედავად ტურფა, თმითა და წუერითა მწყაზარ და შუენიერ, თულთა გრემან (_ზღვისფერი), ბეჭებრტყელ და შეწყობილ სამხედროთა წესითა, სრული ცხენოსანი და მშუილდოსანი რჩეული, უხუი, მოწყალე და მდაბალი, გლახაკთა, ქურივთა და დავრდომილთა მოწყალე…»
ჩვეულება ჰქონდა მეფეს. ადგებოდა ღამე, აიღებდა საფასეს (_ფულს), მოივლიდა ქალაქს. საკუთარი ხელით ურიგებდა ფულს ობლებს, გლახაკებს, დავრდომილთ. იცოდნენ თურმე ტფილისელებმა მეფის ეს ჩვეულება. განგებ დახეტიალობდნენ ღამღამობით ქუჩებში: მეფე შეგვეყრება და საუნჯეს გვიბოძებსო.
მორწმუნე და მლოცველი იყო, მაგრამ ნიკოლოზ კათალიკოსთან გამუდმებული დავა და ჭიდილი ჰქონდა. არ მოწონდა კათალიკოსს მეფის ერთი ავი ზნე. ქალები უყვარდა დემეტრეს და სამი ცოლი ესვა _ ერთი ბერძენი იყო, მეორე _ მონღოლი, მესამე _ ქართველი. შვილებიც მრავლად ჰყავდა _ დავით, ვახტანგ, ლაშა, მანოველ, რუსუდან, ბადურ, იადგარ, გიორგი.
როცა ნიკოლოზ კათალიკოსმა ვერაფერი შეასმინა მეფეს, გაბრაზებულმა ეკლესიის საჭეთმპყრობელის ტახტი დატოვა და ახალ კათალიკოსად აბრაამი აკურთხა. აბრაამი მეფის ჯვარისმტვირთელი იყო და სამეფო კარსა და კათალიკოსატს შორის მშვიდობა დამყარდა.
ეკლესიის საქმე მოაგვარა, მაგრამ ახლა დედის ნათესავები განუდგნენ დემეტრეს. შეიპყრო მეფემ რაჭის ერისთავი კახაბერ. თვალები ამოსწვეს. ერთი ფეხი და ერთი ხელი მოკვეთეს. კახაბერის ორი შვილი კონსტანტინეპოლში გააძევეს. ნაწამები კახაბერი მალე მოკვდა. აღარავინ დარჩა მას და ასე აღიხოცა და მოისპოო, გვიამბობს ჟამთააღმწერელი ნათესავი დასახსენებელი ბაღუაშთა კახაბერის ძეთა. იმასაც დასძენს მემატიანე _ ორგულობა მათი გვარის თვისება იყოო.
თანდათან დამყარდა მშვიდობა სამეფოში.
მონღოლებიც აღარ აწუხებდნენ ქვეყანას ძველებურად. დემეტრე ასრულებდა მათ განკარგულებებს. ახლდა ლაშქრობაში, იხდიდა ხარკს. მეგობრობდა დიდ ბუღა ნოინს. ბუღა ნოინს ჩინგიყაენის პატივი ჰქონდა და ურდოში უპირველეს კაცად ითვლებოდა.
საფრთხე თითქოს არსაიდან იყო მოსალოდნელი. ანაზდად დატრიალდა უკუღმა ბედის ბორბალი. 1288 წლის 15 მარტს ანუ მონღოლურად ურდსინგს, როგორც შეთქმული, შეიპყრეს ბუღა ნოინი. მიჰგვარეს ყაენს. განუკითხავად ბრძანა ყაენმა ბუღა ნოინის მოკვდინება. მოჰკლეს იგი და ამოწყვიტეს მისი ნათესავებიც. დააპატიმრეს ყველა, ვისაც ბუღა ნოინთან ურთიერთობა ჰქონდა. ყაენთან მიიხმეს დემეტრე მეორეც.
მაშინ შეკრიბა მეფემ დარბაზი და მიმართა იმ სიტყვით, რომელიც დასაწყისში გაგაცანით.
ერთხმად უარყო დარბაზმა მეფის ურდოში წასვლის აზრი. ურჩევდნენ, ან მთიულეთის სიმაგრეებს შეეხიზნე ან იმიერ საქართველოში გადადი და ასე ვებრძოლოთო მონღოლებს. «ჩუენ ყოველი მტკიცედ ვჰგიეთ ერთგულებასა».
შორს დაიჭირა მეფემ ეს რჩევა. «ვიცი ჩემი სიყვარულითა და ერთგულებით ამბობთ ამას. მაგრამ ცოდოა უბრალო ერი, როგორც ცხვარი უღონოა და არსაიდან მოელის ნუგეშს. მე დავდებ ჩემს სულს ჩემი ხალხისათვის».
«მე დავსდებ სულსა ჩემსა ერისათვის ჩემისა» _ ბრძანა ხელმწიფემ.
მეფის გადაწყვეტილება ურყევი იყო. იგი ურდოში გაემგზავრა.
თავდაპირველად არ აპირებდა ყაენი დემეტრე მეორის სიკვდილით დასჯას. მაგრამ საქმეში ორგულობა ჩაერია. ყაენის კარზე მსახურობდა სადუნ მანკაბერდელის შვილი ხუტლუბუღა. იგი ნაწყენი იყო მეფეზე. როცა სადუნი გარდაიცვალა, დემეტრემ ხუტლუბუღა არ დანიშნა მამის ადგილას ათაბაგად. ათაბაგობა მეფემ ტარსაიჭ ორბელს მისცა. ეს ხუტლუბუღა მისულა ყაენთან და შთაუგონებია _ ნუ შეიბრალებთ დემეტრეს. დასაჯეთ იგი და ამიერ საქართველოს ტახტზე იმიერ საქართველოს მეფის დავით ნარინის ძე ვახტანგი დავსვათო. მოსწონებია ყაენს ეს რჩება და დემეტრეს ბედიც გადაწყვეტილა.
ებგურები მოისყიდეს და საკანში ეახლნენ მეფეს თავზეხელაღებული ვაჟკაცები. შეფიცეს, აქედანაც გაგიყვანთ, საქართველოშიც მშვიდობით ჩაგიყვანთ და ვეომოთო მონღოლებს. მაინც არ ქნა მეფემ ეს. ისევ ძველებურად გაიმეორა: არ მსურს ჩემი გულისათვის ხალხი გაწყდესო. არ მნებავს ამ სოფლის შესაძენად სულის წარწყმედაო.
1289 წლის 12 მარტს დემეტრე მეორეს თავი მოჰკვეთეს.
ქართველმა ხალხმა მას თავდადებული უწოდა.
1989 წელს 700 წელი შესრულდება ამ დღიდან. შვიდი საუკუნეა მოწვეთავს თავმოკვეთილი მეფის სისხლი და გვასწავლის, როგორი უნდა იყოს სახელმწიფო მოღვაწე, და რა უბედურებაა ორგულობა. ორგულობით და ღალატით დაიღუპა დემეტრეც და ორგულობით და ღალატით დაიღუპა დედამისი გუანცაც.
«წიგნს დავხურავდი, მაგრამ ამ წიგნში
რაჭით მოსული მხიბლავს ასული,
მის თვალებში და წამწამთა ჩრდილში
გედის ფრთასავით ფეთქავს წარსული.
ფურცლებზე ბრწყინავს ქალი ალმასი,
კერას მოწყდა და სამცხეში ვნახე,
ტანი კენარი, მხრები ლამაზი
და მონგოლებით შემკრთალი სახე.
ეგებ რაჭაში აღზრდილი სარო,
ჩემი წინაპრის იყავ დობილი,
ფაზისს ამკობდა თვალების წყარო
და ნაწნავები ლექსად წყობილი.
ამ სტრიქონების გალიით მჭვრეტი,
მშვენების შუქით ჟამთა მკვეთელი,
მძევლად წასხმული მშვენება მშვიდი
გვანცა გიხმო თუ ქალი ეთერი?
მცირედი ჭვრეტით, გრემანი თვალით
ეგებ გეტრფოდა თვითონ ჩაღატარ!
ჟამთაღმწერელმა ჯევარდნულ ხმალით
შენი თვალები წიგნში ჩახატა.
სამცხე გეძახდა, გვანცა, სადა ხარ!
ვინ დაგიბნელა ნისლით თვალები!
ვაჟი გულადი დარდმა დადაღა,
მიწას ტორავდნენ მერნის ნალები.
თუ იგონებდი რაჭულ ალილოს,
მთიდან გატყორცნილ მჩქეფარე ფაზისს.
ალბათ ლოყებზე სწვავდი ალიონს,
როცა სიკვდილი გეწვია ნაზი.
ვინ გაგიმეტა ქალი მწყაზარი,
ვინ მოგაშორა მშობლიურ ფუძეს.
სამშობლოს ცეცხლით გული დამწვარი
როგორ გარდიქმნა სიკვდილის ბუდედ.
ცრემლების სითბო სტრიქონებს ორთქლავს,
ნარნარი ტანის სანთელი იწვის.
საფლავში ჩაგყვა რაჭული მოთქმა
და მშფოთვარება მშობლიურ მიწის.
ვინ დაგაშორებს წარსულს ბინდიანს,
წიგნში მწუხრივით ჩაგრჩა სახელი.
და წელმოხრილნი ურდოს მიდიან
დავით ულუ და სარგის ჯაყელი».
მიმართავს გვანცა დედოფალს სიმონ ჩიქოვანი ლექსით «წიგნი ჟამთააღმწერლისა: გვანცა».
დემეტრე მეორის თავგადასავალი დაუდო საფუძვლად ილია ჭავჭავაძემ პოემას «მეფე დიმიტრი თავდადებული».
ქვეყნისათვის, მამულისათვის, სამშობლოსათვის თავდადებაა ამ პოემის ძირითადი აზრი. ეს არა მარტო პოემის შინაარსით ჩანს, არამედ მისი ფორმითაც.
პოემას პატარა პროლოგი უძღვის. საყდრის ეზოში ხალხია თავშეყრილი. მოშორებით ცაცხვის ქვეშ ბრმა მეფანდურე ზის, მოწყენილი და გაჩუმებული. ხალხს მობეზრდა მუქთი, უაზრო ყაყანი. ერთმა ყმაწვილმა დაიძახა, ნუ ყაყანებთ. ფრთა გავაშლევინოთო გულის წადილს, გვიამბოს მეფანდურემ რაიმე გაგონილი ან ნახული, რომ გულის ჟანგი მოვიცილოთო.
მეფანდურე მაშინვე მიხვდება, ამ ყმაწვილების გულის წადილს რა გააშლევინებს ფრთას, რა მოაცილებს მათ გულს ჟანგს. იგი საკრავს ააჟღერებს და უამბობს საყდრის ეზოში თავშეყრილ ყმაშვილებს ქვეყნისათვის უმაგალითო თავდადების ამბავს.
ილიას პოემაში პიროვნება და ხალხი თანაბარ გმირობას ავლენს.
«უწინ ქართველს უხაროდა
მამულისთვის მტერთან ომი,
ან მოჰკლავდა ან თავისთავს
შეაკლავდა როგორც ლომი.
მამულისთვის ვის ახსოვდა
განსაცდელი განსაცდელში!
ტრფობა გვქონდა გულში აბჯრად
და სატევრად _ ხმალი ხელში».
ეს საერთო განწყობილება პოემაში კონკრეტულად დასტურდება. მონღოლეთში მიმავალ მეფეს დაჩაჩანაკებული ბერიკაცი ეახლება ორი ვაჟკაცის თანხლებით. იგი ევედრება მეფეს, ქუდზე კაცს მოუხმე, სპა შეაგროვე და ვეკვეთოთო მონღოლებს. ჩემი ორი შვილიც მომიყვანია და შეიწირეო. ეს მარტო ამ ერთი მოხუცის სურვილი არ არის. იგი მთელი ერის წადილია. მაგრამ მეფემაც იცის მისი ხალხის ფასი და უარს ამბობს მისთვის გაღებულ მსხვერპლზე. ურჩევნია თავად იყოს ზვარაკი.
«მე მეფე ვარ და მეფობის
რიგიც ვიცი, რაში არი…
თუ, იმ მწყემსსა, თავს უშველის,
მგელს დაუგდოს თავის ცხვარი…
თუ სკვდილი სახელად გაქვთ
მაგდენს ჩემთვის _ ერთისათვის,
მაშ რად მიშლით თავდადებას
მე ერთს _ მთელის ერისათვის!..
არა! წავალ, არ დავდგები,
დე, ასრულდებს ნება ღვთისა,
ხორცი მოკვდეს, სული ცხონდეს
მეფის თქვენის დიმიტრისა».
მღვდელმთავარიც დაუდასტურებს მეფეს გაზრახვის სისწორეს და სიმართლეს.
«ვსტირ და გირჩევ, ღვთის სახელით
ხორცი დასთმო სულისათვის,
უკვდავება არ დაჰკარგო
წუთისოფლის გულისათვის».
ასეთია ქრისტიანული ზნეობა. ამით ვლინდება სიქველე და სათნოება. დემეტრე მეორის თავგადასავლის მოყოლით ილია ხუთ დასკვნას აკეთებს.
პირველი:
«ტყუილია სულთქმა, უში,
კაცი უნდა კაცად იყვეს,
სანთელსავით თვით დაიწვას
და სხვას კი გზას უნათებდეს».
მეორე:
«მართლის თქმაა ერთგულება».
მესამე:
«ვით დიდს ბოროტს, ისეთ დიდ მადლს
თავისი ზარი ჰქონია».
მეოთხე:
«განკითხვის დღეს მეფეს ჰკითხვენ
ყმის სისხლს, უქმად დანთხეულსა».
მეხუთე:
«არ არის მკვდარი, ვინც მოჰკვდეს
და ხალხს შესწიროს დღენია,
მკვდრად იგი თქმულა, ვისაც აქ
სახელი არ დარჩენია».
პ. კაკაბაძის პიესაშიც დარჩენილია ფაქტის საერთო სურათი: დემეტრეს ბრალი დასდეს ბუღა ნოინთან მეგობრობაში, ურდოს გაიწვიეს, ჯერ აპატის და მერე დამსმენთა წყალობით დასაჯეს. ოღონდ აქ დამატებულია დავით ნარინისა და მისი ძის ვახტანგის მონაწილეობაც, რაც ისტორიაში არ არის. შექმნილია ხაზი _ ხუტლუ _ დავით _ ვახტანგი. არის გაქცევის თხოვნის მოტივიც. რაზეც მეფემ უარი თქვა.
მაგრამ არც ილიას პოემაში და არც პ.კაკაბაძის პიესაში არ არის თავდაცვითი პატრიოტიზმის არსი გახსნილი. რომ მეფის საქციელი მის პირად კეთილშობილებასთან ერთად გაპირობებულია თავდაცვითი პატრიოტიზმით ანუ ერის უძლურებით. უძლურ ერს გადაარჩენს თავდადებული? თავდადებული მას კეთილშობილებას ასწავლის, მაგრამ ვერ გადაარჩენს. თავდადებულის წიაღში თუ არ ამოიზარდა გიორგი ბრწყინვალე, ერს არ ეშველება.
პ. კაკაბაძის პიესაში ხაზგასმულია დემეტრეს წმინდანობა
ელიზენდა: «შენ ცად მიხვალ ერის წმინდანად».
ელიბონდა: «იმ სიცოცხლის კარს აღებ მსხვერპლით და ციურ ჟღერით, სიკვდილის მეხს და ზარს ადუნებ».
ფილიპე: «მე საქართველო მიყვარს მისთვის, რაც აწ იქნება,
არა მისთვის, რაც ის დღეს არის».
დემეტრე საყვედურობს გაქცევას იმისათვის მირჩევთ, რომ «ნამდვილი სიყვარული არა გაქვთ ერის». მეორეგან: «თქვენ ცდილობთ ერის სიყვარული გადამავიწყოთ».
ერმანოზი: «დღეს მთელმა ერმა დაივიწყა სიმართლე, რადგან
გაჩნდნენ სიცრუის ნაყოფებად მოლექსენი და
გვიჭირს სიმართლე სიცრუიდან გამოვარჩიოთ».
ფილიპე ეუბნება დემეტრეს, რომ იერუსალიმი აიღე ქრისტიანებისათვის და გმირობა გამოიჩინეო, რაზეც მეფე უპასუხებს:
«ბოლოს დავმარცხდი, დავღუპე სპა და ამიტირდა
ათი ათასის ქვრივ-ობოლი,. თუმცა მე უვნებლად
შინდაბრუნებულს ყაენისგან ქება მომყვა და
განძი ნახვეჭი ერის სისხლით… ეს სიკეთეა?»
ფილიპე: «ყოველ მონაზე საზიზღარი ის მონა არის,
ვისაც დასვამენ მტრები ერზე და შეარქმევენ
მეფეს ცარიელ სიტყვით, ყალბათ, იგი თავის ერს
დაადებს ბორკილს უფრო მძიმეს, ვიდრე მტერს ძალუძს
და სრულად გახრწნილ ერს თვით მტრები მოხსნიან ბორკილს».
ვახტანგი: «ვცან, რომ ბრბოები ყველა ერის ერთმანეთსა გავს,
მხოლოდ ბატონნი ერთურთისგან განსხვავდებიან»
გუჟბანი: «ქვეყნის მპყრობელმა არვის არ უნდა აპატიოს ეგზომ გმირობა,
თორემ მტრებს მსგავსი მაგალითით გაათავხედებს».
ქვრივი მიდის დემეტრესთან, რომელიც ეუბნება _ მე ვარ, მეუფევ, ქვრივი შენი მცველის, რომელმაც გულში მიიღო ცხრა ისარი შენკენ ნასროლი და ჩემი ქმრის დაცულს, გხვდა გამარჯვება… დემეტრე უპასუხებს, რომ ჩემი მცველების წყალობით ცოცხალი ვარ. ისინი კვდებოდნენ, რადგან ფიქრობდნენ, რომ მე მეტად ვჭირდები საქართველოს. «ახლა ჟამი მოითხოვს, შენი ქმრის გმირობა მე ვიკისრო და თქვენ გემსხვერპლოთ». ქვრივი ეუბნება, რომ ხალხი თანაგიგრძნობს და მთებში უვნებელი იქნებიო. ქვრივი: «თუ სულით მოკვდა ერი, სხვა ერის შთანთქავს, ხორცში სხვის სული ჩაუდგება». დემეტრე უპასუხებს _ «ჯობს მოისპოს ერი სიცოცხლის შესარჩენად მონად ქცეული, მე ვამბობ, ჩემი თავდადებით თუ ხორციელად ვიხსნი ერს, მმართებს ვიხსნა ერთად სულის ხრწნისაგან. სასიკვდილოდ იმიტომ მივდივაროთ, რომ «ამ საქმით ჩავაგონო ერს მოყვასისათვის თავდადება და ავაშორო სულით მონობა».
ერის ხორცით გადარჩენა თუ ერის სულის.
აქ არის რთული საკითხი: თუ ცალკეული პიროვნებისათვის სულის გადარჩენისათვის ბრძოლა შეიძლება უფრო მნიშვნელოვანია, ერისათვის ორივეს ხორცისაც და სულისათვის ბრძოლაა მთავარი. ერი პირებისაგან შედგება და როგორც პიესაში ბასილი ამბობს _ «მე ვერ მოვთხოვ ხორციელ კაცს ციურის ძალას» _ ყველა პიროვნებას ვერ მოთხოვ შეიგნოს დემეტრეს თავგანწირვის არსი. იგი მაინც გაიხრწნება, თუ ერი ხორცითაც არ გადარჩა და არ განთავისუფლდა.
პრობლემა: სიცოცხლის და ამქვეყნიურობის მოტრფიალე, როგორ მოტრიალდა წმინდანობისაკენ. სხვა გამოსავალი არ ჰქონდა და იმიტომ?
1988 წ.აკაკი ბაქრაძე 
კატეგორია: ისტორიის ანალები (страници истории) | დაამატა: paterzaqaria (09.04.2010)
ნანახია: 2023 | რეიტინგი: 5.0/1
სულ კომენტარები: 0
კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]

ახალი ამბები (НОВОСТИ)

ჰოსტერი uCoz